ჯერჯერობით არანაირი დადებითი ტენდენცია, შემწეობის მიმღებთა კატეგორიაზე არ მოქმედებს
გვანცა წულაია
(06.07.2023)

საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება და სახელმიწიფოს ფულად დახმარებაზე სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება დამოკიდებული. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მაქსიმუმზეა. საინტერესოა, როგორ გამოიკვეთა ასეთი გარემოება მაშინ, როცა ეკონომიკა იზრდება, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა და გარკვეულწილად იზრდება ხელფასებიც? 

2023 წლის მაისში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 668 555 ადამიანი (ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9%) შეადგინა, საიდანაც 180 985 პარალელურად საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. მიმდინარე წლის აპრილში კი საარსებო შემწეობას 660 746 კაცი იღებდა.

ბოლო 10 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 214 698 ადამიანით გაიზარდა. 2013 წელს საარსებო შემწეობას 453 857 მოქალაქე იღებდა, რაც მოსახლეობის 10,1% იყო.

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა ოდენობის ზრდის მიზეზებს ხსნის სოციოლოგი პაატა აროშიძე. მისი აზრით, მართალია, სტატისტიკურად უმუშევრობამ იკლო, მაგრამ ეს მონაცემები რეალობას არ ასახავს, ეკონომიკური ზრდა კი თითოეულ მოქალაქეზე უნდა აისახოს და არა მხოლოდ მონაცემებში.

„ეკონომიკური ზრდა უნდა აისახოს არა მხოლოდ ციფრობრივ მაჩვენებლებში, არამედ ყველა ოჯახის და თითოეული მოქალაქის მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა, სტატისტიკურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მეორე მხრივ იკვეთება სოციალურად დაუცველი მოსახლოების რაოდენობის მატებაც. ეს გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რეალურად, სხვადასხვა სექტორში შემოსავლები შემცირდა.

მართალია, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა ეს არის ოფიციალური მაჩვენებელი და არაოფიციალური მონაცემებით უმუშევრობა გაცილებით უფრო მაღალია. თუ დღეს, 15%-იანი უმუშევრობა გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი უნდა გავაორმაგოთ, აღრიცხვის სისტემის მოუწესრიგებლობიდან გამომდინარე, თუ სხვადასხვა პირობების გათვალისწინებით. შესაბამისად, უმუშევრობა სოციალურად დაუცველი ადამიანის რაოდენობის ზრდას იწვევს.

უნდა ითქვას ისიც, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიმართ, ბოლო წლებში, სახელმწიფო პოლიტიკა შეცვლილია, კერძოდ, ხდება მათი დასაქმება, ისე, რომ ეს გარემოება არ აისახება სოციალურ ქულაზე. ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა,  მაგრამ რეალურად, ჯერჯერობით, სახელმწიფო ძალიან შორს არის იმ განვითარებიდან, რომელიც თუნდაც ევროკავშირის ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაშია. ბულგარეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ჩვენ მათ ჩამოვრჩებით, საკმაოდ დიდი მასშტაბებით, მაგრამ იმედია, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ გავუთანაბრდებით“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაარა აროშიძემ და დასძინა, რომ „საშუალო ფენის ადამიანი ღარიბ ფენაში უფრო ხშირად გადადის, ვიდრე მდიდარ ფენაში“.

საასრებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თვალშისაცემად 2020 წლიდან გაიზარდა, ანუ მას შემდეგ, რაც მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს კორონავირუსის პანდემიამ შეუტია. მაგალითად, 2020 წელს ქვეყანაში 483 702 სოციალურად დაუცველი ჰყავდა, 2021 წელს - 587 524, ხოლო 2022 წელს - 659 005.

აღსაღნიშნავია ისიც, რომ ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასთან ერთად, წლების განმავლობაში იზრდებოდა სოციალური შემწეობის საერთო მოცულობაც. მაგალითად, თუკი 2012 წელს ამ მიმართულებით დაახლოებით, 135 მილიონი ლარი გამოიყო, 2022 წელს სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის სახელმწიფოს მიერ გადარიცხულმა თანხამ 620 მილიონ ლარს გადააჭარბა.

როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, ეკონომიკური ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ რა მონაცემებიც ფიქსირდება, ზუსტად იგივე მაჩვენებლით ეზრდება ყველას შემოსავალი.

„ეკონომიკური მაჩვებელის მკვეთრ გაუმჯობესებასთან ერთად, სოციალურად დაუცველი ადამიანთა რაოდენობის მატება, გარკვეულწილად, თითქოს პარადოქსია. ეს, შესაძლოა, იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ წინა პერიოდებში არ იყო იმდენი ადამიანი დარეგისტრირებული, რამდენიც ახლაა. ეკონომიკის ზრდა ნამდვილად გვაქვს, დასაქმებულთა რაოდენობა მომატებულია და შესაბამისად, უმუშევრობა დაკლებულია. ამ ფონზე სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ზრდა სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული, მაგრამ მათ შორის, შესაძლოა, იყოს ის, რომ უფრო მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, ვიდრე წინა პერიოდებში,

ეკონომიკური ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ რა მონაცემებიც გვაქვს ზუსტად იგივე მაჩვენებლით გაეზარდა ყველას შემოსავალი, თუმცა, როდესაც ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური წინსვლაა, უკეთესობა მეტ-ნაკლებად აუცილებლად უნდა იყოს, თუ არ არის ინფლაციის ტემპი უფრო მაღალი.

როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ძლიერი არ არის, მაშინ, შესაძლებელია, რომ საშუალო ფენა სწრაფად გადავიდეს დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანთა კატეგორიაში. მაგალითად, ფასების მომენტალურად და სწრაფად ზრდის გამო, საშუალო ფენიდან მდიდარ ფენაში გადასასვლელად ადამიანს უფრო დიდი დრო სჭირდება, ხოლო მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, სწრაფად შეიძლება საშუალო ფენის წარმომადგენელი, ღარიბ ფენაში მოხვდეს“, - განუცხადა ავთო სილაგაძემ „რეზონანსს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე