რეზონანსი
(06.07.2023)

ომის დაწყების პირველი დღიდან გვესმის უკრაინიდან ბრალდებები, თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ ბრალდებებით არ შემოიფარგლა ყველაფერი და ქართული სახელმწიფოს მიმართ გადაიდგა რამდენიმე ძალიან არამეგობრული ნაბიჯი. ბოლოს იყო საქართველოს ელჩის გამოძევება უკრაინიდან, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი იმ ელჩებს შორის, რომელსაც ერთი წუთით არ დაუტოვებია უკრაინა, არ მოუცვლია ფეხი კიევიდან, როდესაც იქ სერიოზული საფრთხე იყო და შეიძლება დაცემულიყო კიევი. არც საქართველოს ელჩს და არც საელჩოს თანამშრომლებს არ დაუტოვებიათ უკრაინა. დღეს მის მიმართ ასეთი ნაბიჯი არის გამაოგნებელი, როგორც გამაოგნებელი იყო საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ არ მივეცით უფლება ქართველ მოხალისეებს, რომ სპეციალური რეისით გაფრენილიყვნენ უკრაინაში. ამ შემთხვევაში საქართველოს ომში ჩართვა არის მთავარი ამოცანა. ამისთვის იყენებენ სააკაშვილსაც, ამისთვის უყენებენ საქართველოს ბრალდებებს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, სანქციებს უწესებენ ქართულ ავიაკომპანიას და მის ხელმძღვანელს, როცა თავისუფლად დაფრინავენ თვითმფრინავები სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ჩინეთში, ინდოეთში და სხვაგან. მაინცდამაინც საქართველოზე ატეხეს ასეთი გნიასი", - აცხადებს სოზარ სუბარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე