უკრაინის არმია კონტრშეტევას განაგრძობს. უკრაინის სამხედრო სპიკერის ინფორმაციით, მათი ჯარისკაცები ზაპორიჟიის ოლქში ბერდიანსკის მიმართულებით 2 კილომეტრამდე დაწინაურდნენ; შეტევით ოპერაციებია მელიტოპოლშიც. ოკუპანტები კი ძირითად აქცენტს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით აკეთებენ.
გასულ ღამით დაიბომბა არაერთი ოლქი. არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები.
რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების უკან დახევა სცადეს, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ავდიივკას, ბახმუტის, მარინკასა და ლიმანის მიმართულებებით, სადაც, დღის განმავლობაში, 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
„ლიმანის მიმართულებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მტერმა, ავიაციის მხარდაჭერით, ნოვოვოდიანოს დასავლეთით და დიბროვას სამხრეთით ჩვენი ჯარების მათი პოზიციებიდან განდევნა სცადა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.
უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა, მძიმე არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით, შეტევები განახორციელეს დონეცკის ოლქში, ბოგდანოვკასა და ორეხოვო-ვასილევკას მახლობლად, მაგრამ უკრაინელებმა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა მოიგერიეს.
ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენები
„დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასთან ახლოს, ჩვენი ჯარისკაცები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეტევის შეკავებას. მარინკას რაიონში თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, ნომერ პირველ ამოცანას უკრაინის ჯარისთვის რუსული არმიის ცოცხალი ძალის, ტექნიკის, საწვავის საწყობების, საბრძოლო კომპლექტების, სამეთაურო პუნქტების, არტილერიის და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განადგურება წარმოადგენს.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე მოქმედებს მშვიდად, აწონ-დაწონვით და ნაბიჯ-ნაბიჯ.
„მეტი ტექნიკაა განადგურებული - მეტი ტერიტორია არის გათავისუფლებული. რაც უფრო ეფექტურია პირველი, მით მეტია მეორე. ვმოქმედებთ მშვიდად, აწონ-დაწონით, ნაბიჯ-ნაბიჯ“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა.
საერთაშორისო ურთერთობის სპეციალისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსებმა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავის მიმართულებით გარკვეული მოძრაობები ნამდვილად განახორციელეს. მისი თქმით, არის ვარაუდი, რომ შესაძლოა მისი დანაღმვაც კი მომხდარიყო.
„სამწუხაროდ რუსებს სადგურის ტერიტორია უკვე დიდი ხანია დანაღმული აქვთ. ამიტომ მე უფრო მგონია, რომ ამ დამატებითი მოძრაობებით უკრაინელებისა და დასავლეთის ფსიქოლოგიურ ტერორს ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სადგურის აფეთქება თვითმკვლელობის და სიგიჟის ტოლფასია, რუსებისგან გამორიცხული მაინც არაფერია.
„მათი მხრიდან შეცდომა ან განზრახ რაიმე უგუნურების ჩადენა ყოველთვის მოსალოდნელია. ატომურ ელექტროსადგურზე მოქმედებების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი შედეგი რთულადღა დაექვემდებარება კონტროლს. ესაა მსოფლიოს შანტაჟი, რასაც კარგი შედეგების მოტანა არავისთვის არ შეუძლია. პირველ რიგში ეს რუსებისთვის უდიდესი დარტყმა იქნება“,-ამბობს კობერიძე.
რაც შეეხება სიტუაცია ბახმუტის ირგვლივ, პროფესორი ამბობს, რომ ძალიან აქტიურია. უკრაინელების შეტევასთან ერთად რუსებიც ცდილობენ კონტრშეტევის წარმოებას. პრაქტიკულად ბახმუტის შემოგარენის მთელი პერიმეტრი უწყვეტი ცეცხლის ქვეშაა მოქცეული. ამ ორმხრივი იერიშებისას უპირატესობა უკრაინელებს აქვთ.
„სიტუაცია ცვალებადია კრემინას ტყეში და მის მომიჯნავედ, ლუგანსკის ოლქში. რუსები იერიშის განსახორციელებლად რამდენიმე მიმართულების ტესტირების რეჟიმში არიან. ამ მონაკვეთზე რუსებს საკმაოდ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ჰყავთ მობილიზებული. ისინი ან უკრაინელთა შეტევის ჩაშლას, ან თავიანთი კონტრშეტევის წამოწყების სურვილია.
„როგორც ბახმუტზე და როგორც კრემინაზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რუსები მაქსიმალურად ცდილობენ რომ ინიციატივა არ დაკარგონ. ამისათვის კი იმაზე დიდი მსხვერპლის გაღება უწევთ, ვიდრე შედეგს აღწევენ’,-ამბობს კობერიძე.
მისივე თქმით, უკრაინელები დრონებს აქტიურად აწარმოებენ. მთელი ქარხნები - მცირე, საშუალო თუ დიდი - მუშაობენ ამაზე. შეიქმნა ბევრი ე.წ. სტარტაპი. ამ ფონზე უკრაინული დრონების აქტიურობა და მოწინააღმდეგეზე დარტყმები განხორციელდა რუსეთში, ბრიანსკის ოლქში მდგომ რუს სამხედროებზე.
„ზაპორიჟია-დონეცკის ოლქის საზღვარზე, ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით, უკრაინელთა კონტრიერიში გრძელდება და თანაც საკმაოდ აქტიურად. ჯერჯერობით უკრაინელთათვის ეს ყველაზე წარმატებულ მიმართულებად რჩება“,-ამბობს კობერიძე.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების ქმედებების მიმართ გლობალური ყურადღების გამოჩენაზე.
„სამწუხაროდ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტერაქტს დროული და ფართომასშტაბიანი რეაგირება არ მოჰყოლია და ამან შესაძლოა კრემლს ახალი ბოროტების ჩადენა შთააგონოს. ამის შეჩერება მსოფლიოში ყველას პასუხისმგებლობაა. განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ნათლად უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ხედავს, რა სცენარებისთვის ემზადებიან ტერორისტები და რომ მსოფლიო მზადაა რეაგირებისთვის. მან აღნიშნა, რომ რადიაცია საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოში ყველასთვის, ამიტომ ატომური ელექტროსადგური სრულიად დაცული უნდა იყოს რადიაციული ინციდენტისგან.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.
„შესაძლოა სადგურზე თავდასხმის სიმულაციისთვის, შესაძლოა, მათ აქვთ სხვა სცენარი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ხედავს - და შეუძლებელია არ დაინახოს - რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს თავდაცვის შეთანხმებების შესრულება და ახლებზე შეთანხმდნენ. ასევე, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დეტალურად განიხილეს ფრონტზე არსებული მდგომარეობა და რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
„პრიგოჟინის ქმედებების შემდეგ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე მანევრირების ადგილი არ აქვს. პირიქით, ჩვენთვის იხსნება შესაძლებლობების ფანჯარა. უნდა ვიმოქმედოთ გადამწყვეტად როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მხარეებმა ასევე განიხილეს მოლოდინები ვილნიუსის სამიტიდან და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა ალიანსისკენ მიმავალ გზაზე.
„უკრაინის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი გააფრთხილა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საშიში პროვოკაციებისთვის ემზადებიან. ორი ლიდერი შეთანხმდა, ითანამშრომლონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა ელექტროსადგურზე ვითარების კონტროლი განხორციელდეს“, - აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე