
ჩვენთვის გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყოს ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ უკრაინისგან, - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. ილია დარჩიაშვილის თქმით, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.
„მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ჩვენ აქამდე გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ საქართველოს მისამართით. ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხისა და ქვეყნის მისამართით. აუცილებლად გვექნება დრო მომავალში, რათა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს ტრადიციულად ვარჩევთ პოზიციას, რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. შესაბამისად, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიერ პასუხისმგებლობით ეკიდება. შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საფუძველს მოკლებულია. დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.
„შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის, უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორის მისამართით და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ვერცერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება თუ გადაწყვეტილება ჩვენ მიმართ ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



