უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების მიმართ გლობალური ყურადღების გამოჩენაზე. აფეთქების საფრთხე არსებობს, რაც გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის გარანტირებას გამოიწვევს.
უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს მოსალოდნელი მზაკვრული გეგმის და საფრთხის არიდებისკენ მოუწოდებს.
„სამწუხაროდ, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტერაქტს დროული და ფართომასშტაბიანი რეაგირება არ მოჰყოლია და ამან შესაძლოა კრემლს ახალი ბოროტების ჩადენა შთააგონოს. ამის შეჩერება მსოფლიოში ყველას პასუხისმგებლობაა. განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ნათლად უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ხედავს, თუ რა სცენარებისთვის ემზადებიან ტერორისტები და რომ მსოფლიო მზადაა რეაგირებისთვის. მან აღნიშნა, რომ რადიაცია საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოში ყველასათვის, ამიტომ ატომური ელექტროსადგური სრულიად დაცული უნდა იყოს რადიაციული ინცინდენტებისგან.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემების თაახმად, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.
„შესაძლოა სადგურზე თავდასხმის სიმულაციისთვის, შესაძლოა მათ აქვთ სხვა სცენარი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ხედავს და შეუძლებელია არ დაინახოს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო სწორედ რუსეთია" - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა. მხარეებმა განიხილეს ვითარება ფრონტზე, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის თემა და პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსეთში, და აღნიშნეს რომ დასუსტებული რუსეთის ფონზე უკრაინას ეხსნება წარმატების შანსები.
ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების საკითხი.
„უკრაინის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი გააფრთხილა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საშიში პროვოკაციისთვის ემზადებიან. ორი ლიდერი შეთანხმდა, ითანამშრომლონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა ელექტროსადგურზე ვითარების კონტროლი განხორციელდეს" - აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, აცხადებს რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის აფეთქების განხორციელება შეიძლება სწორედ უკრაინის მხრიდან მოხდეს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული ვითარება დაძაბულია, არსებობს კიევის რეჟიმის მხრიდან დივერსიის განხორციელების საგრთხე, რომელიც შეიძლება, კატასტროგული იყოს.
„სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, რადგან, მართლაც, არსებობს კიევის რეჟიმის მხრიდან დივერსიის დიდი საფრთხე. დივერსიის, რომელიც შეიძლება თავისი შედეგებით კატასტროგული იყოს" - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება ყველა ზომას იღებს ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის" რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ჩერნობილის შემთხვევის გამეორებას არ ელოდება, მაგრამ, გამორიცხული არ არის ინცინდენტი მოხდეს, რასაც არ ექნება ის ეფექტი, რაც ჩერნობილს, რადგან, ახლა რეაქტორები არ მუშაობს.
„მე პიდაპირ გეტყვით რომ არ არის მოსალოდნელი არავითარი აფეთქება, უბრალოდ ხელოვნურად ხდება სიტუაციის დაძაბვა. საერთო ჯამში შეიძლება ინცინდენტი არ გამოირიცხოს ბოლომდე.
„რაც შეეხება სიტყვა - აფეთქებას, რაც იყო ჩერნობილში ასეთი რამე არ მოხდება. არ მოხდება, თუნდაც ტექვნიკური მიზეზის გამო. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია, იქ არის ექვსი ატომური რეაქტორი და ხუთი გაჩერებულია, ერთიც გაჩერების პროცესშია ახლა.
„ისეთი რაც მოხდა ჩერნობილში, ვერ მოხდება. იმიტომ, რომ მაშინ ჩერნობილის ტრაგედიისას რეაქტორი მუშაობდა და ის, რაც არის ამ შენობის უსაფრთხოების გარსი, მაშინ უბრალოდ ჩერნობილმა ვერ გაუძლო, გაზი რაც დაგროვდა, იმან დაშალა როგორც რეატორი, ასევე დამცავი შენობის გარსი და ამიტომ გამოვიდა გარეთ რადიოაქტიური ნივთიერებები, გამოიტყორცნა გარეთ და შემდეგ ქარმა და წყალმა გაავრცელა ისინი დიდ ტერიტორიებზე.
„ამ შემთხვევაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შემთხვევაში ხუთი რეაქტორი გაჩერებულია დიდი ხანია, ცივ რეჟიმშია, მეექვსეც ამ პროცესისკენ მიდის და იქ შიგნით თვითონ რეაქტორში რომ მოხდეს რაღაც, მან ააფეთქოს და შემდეგ დაანგრიოს შენობები, გარეთ გამოვიდეს, ამის ალბათობა უმცირესია.
„თუმცა, ხელოვნურად შეიძლება ვინმემ მოახდინოს აფეთქება, მაგრამ როგორც წესი ეს დამცავი გარსები ძალიან დიდი სიმტკიცითაა აშენებული. თუ მისი დანგრევა ვინმეს უნდა, იქ უნდა მოხდეს სერიოზული აფეთქება შიგნიდან, რამდენიმე ასეული ტონა ტროტილის გამოყენებით.
„გამომდინარე იქედან, რომ ატომურ ელექტროსადგურს და რეაქტორებს აკონტროლებს რუსეთის საოკუპაციო ძალები, ამის განხორციელება უკრაინელებს რა თქმა უნდა ვერ შეეძლებათ. ისევე როგორც ეს ვერ შეძლეს კახოვკის ელექტროსადგურთან დაკავშირებით. იქაც აფეთქება შიგნიდან მოხდა, რასაც რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებდნენ.
„კი მაშინ ააფეთქეს კახოვკის ელექტროსადგური რუსებმა, მაგრამ იგივეს გამეორება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ნაკლებად შესაძლებელია.
„თუ მაინც მოხდა ეს ინცინდენტი და არ დაირღვა ამ ატომური 6 რეატორის დამცავი გარსი, ეს შენობები რომლებიც იქ არის, არ მოხდა მათი გარღვევა, მაშინ გარეთ ეს რადიოაქტიული ნივთიერებები არ გამოიტყორცნება. ამ შემთხვევაში ის იქნება ლოკალური დონის, ლოკალიზებული ადგილზე. შედეგად, პრობლემა ნაკლები იქნება. თუ უარეს შემთხვევაში მოხდა და მაინც დაირღვა და გამოიტყორცნა გაზი, მერე ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქარზე, რა მიმართულებით წავა ეს ქარი, საით გავრცელდება და ა.შ.
„თუ ეს ასე მოხდა, ომზე რა თქმა უნდა აისახება. ამ შემთხვევაში, ისევე როგორც კახოვკის შემთხვევაში, წავა ურთიერთბრალდებები. არა მე არ ჩამიდენია, არა მეო. ცნობილია, რომ კახოვკა სწორედ რუსეთის მხარემ ააფეთქა და ამას არ აღიარებდა დასავლეთი და საერთოდ საერთაშორისო ორგანიზაციები. არა აქვთ იმის ძალა, რომ მათ კონკრეტულად, რუსებს დააბრალონ და დაასაბუთონ, რომ ეს მათი გაკეთებულია.
„ისევე, როგორც ვერ შეძლეს ბოლომდე ამის კატეგორიული თქმა, რომ 2014 წელს მალაიზიის სამოქალაქო ბოინგი" სწორედ რუსულმა საზენიტო დანადგარმა ჩამოაგდო. მე მაინც მგონია, ამას ვერ გაბედავს რუსეთის ხელისუფლება, თუ რამე გაბედეს ეს რა თქმა უნდა პუტინის დონეზე იქნება გადაწყვეტილი, მაგრამ, მე მაინც მგონია რომ ეს არ მოხდება, ეს თამაში არ არის, ეს სერიოზული რამეა" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის აფეთქებას არ გამორიცხავს და არც იმას გამორიცხავს, რომ ჩერნობილის ისტორია განმეორდეს. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ორივე მხარის ინტერესების სფეროა.
„ბირთვული ელექტროსადგური არის საბრძოლო მოქმედებების ზონაში, თან აქტიურ ზონაშია, ეს არ არის პასიური ზონა. საბრძოლო მოქმედებები ორ ნაწილად იყოფა - აქტიური და პასიური ზონები, არის კიდევ მათ შორის გარდამავალი ზონა. ახლა აქტიურ ზონაშია, რაც ნიშნავს რომ არის ბრძოლის წინა ხაზზე და ნებისმიერ დროს სიტუაცია შეიძლება განვითარდეს სამხედრო მოქმდებების თეატრის ზონის ბრძოლის დამახასიათებელი სცენარებით.
„მათ შორის შეიძლება მოხვდეს საბრძოლო ჭურვები სამხედრო დაბომბვების ქვეშ და მეორე - მოწინააღმდეგე რომ დაინახავს, ის ტოვებს ამ სტრატეგიულ ობიექტს, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელოვანი ობიექტი და განსაზღვრავს ერთ-ერთ გრავიტაციის ცენტრს, წერტილს.
„გრავიტაციის წერტილი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის არეალი, რომლის ფლობა ნებისმიერ მხარეს აძლევს საშუალებას, რომ სამხედრო უპირატესობა მოიპოვოს.ამისთვის ბრძოლა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, ანუ ამ ბირთვული ელექტროსადგურისთვის, ბრძოლა.
„აქედან გამომდინარე, საუბარია იმაზე, რომ უკრაინელებმა შეიგნეს და მათ დაიხიეს და არ მოახდინეს აფეთქება, იმიტომ, რომ ისინი, კანონიერი გზით იბრძვიან, საერთაშორისო სამართლის პრინციპებით იბრძვიან დაისინი თავის თავს არ დაარტყამდნენ.
„რუსი ოკუპანტები რას გააკეთებენ, ჩვენ ვხედავთ, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს და მოაწყვეს ეკოციდი. აქედან გამომდინარე, ანალოგიურ სიტუაციაში არ არის გამორიცხული, რუსებმა მოახდინონ ამ ბირთვული სადგურის აფეთქება. თუ ეს მოხდა მაშინ ეს გამოიწვევს საკმაოდ დიდი ბირთვული ტიპის კატასტროფებს ჩერნობილის ტოლფასის" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე