როგორც ჩანს, სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების ნაბიჯმაც ვერ უზრუნველყო ენმ-ში ერთიანობის საფუძველი. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ახალ მმართველობას, წინაასარჩევნოდ გაცემული დანაპირების შესრულებას ახსენებს. კერძოდ იმას, რომ სააკაშვილი ციხიდან კვლავ დაუხსნელია და სწორედ ახლა მიმდინარეობს საარჩევნო სიების შედგენა მომავალი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
„ფაქტიურად იწყება „ნაციონალურ მოძრაობაში" ხელახალი არჩევნების ჩატარების პროცესი. რამდენად შეძლებს მელია ამას, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვერ შეძლებს, მაშინ ის და მისი გუნდი გაემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას" და შემოდგომაზე უნდა ველოდოთ ახალი პარტიის დაარსებას. ვინ იქნება ამ პარტიაში, ამას ვნახავთ ალბათ შემოდგომაზე," - განაცხადა ენმ-ის შიდა დაპირისპირების კომენტირებისას ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძე.
„მაქვს კონკრეტული კითხვა მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან: ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას?" - წერს ნიკა მელია ფეისბუქში.
პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნიკა მელია მორიგი გზავნილით პარტიაში საკუთარი პოზიციების გამყარებას ცდილობს.
„ფაქტია, წერილის შინაარსით და პათოსით თუ ვიმხსჯელებთ, ეს არის კონფრონტაციის მანიშნებელი. ნიკანორ მელია, ჩემი აზრით, იბრძვის საკუთარი პოზიციების აღსადგენად „ნაციონალურ მოძრაობაში".
„ახლა რამდენად გამოუვა, მეორე საკითხია, მაგრამ ის ფაქტიურად ცდილობს ითამაშოს ხაბეიშვილის და მისი გუნდის შეცდომებზე. იმიტომ, რომ რეალურად იმას, რითაც ხაბეიშვილი მოვიდა და რის გამოც მას უპირისპირდებოდა „ნაც მოძრაობის" მთელი ერთი ჯგუფი, რომ ის საკმარისად არ იღწვოდა სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ა.შ. მელია ახლა „ნაცმოძრაობის" ახალი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ იყენებს, რადგან ხაბეიშვილის გაცხადებული მიზნებიდან პრაქტიკულად არცერთი არ არის მიღწეული. არც სააკაშვილი გამოუხსნიათ პატიმრობიდან, არც „ნაცმოძრაობაში" მომხდარა დრამატული პოზიტიური ცვლილებები, საზოგადოებას შედეგი უნდა, შედეგი არ ჩანს, არ ჩანს შედეგი აქციებისგან, რასაც ისინი აწყობენ და არც ისე მრავალრიცხოვანია ეს აქციები. მელია რაღაცაირად ცდილობს, რომ შეარყიოს ხაბეიშვილის პოზიციები და კიდევ ერთხელ სცადოს, საკუთარი პოზიციები დაიბრუნოს. მე ასე შევაფასებდი მის მოქმედებას," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მელიას განცხადება აფასებს როგორც შეხსენებას დღევანდელი მთავარი ოპოზიციური ძალის მმართველი ხელისუფლების ლიდერებისადმი, რომ ისინი ვერ ასრულებენ დანაპირებს. ის კიდევ ერთხელ ცდილობს დაიბრუნოს გავლენა პარტიაში და საზოგადოების მხარდაჭერა. ამასთანავე მელია აცხადებს, რომ დღეს პარტიას ხაბეიშვილი არ მართავს და ის ფორმალური მმართველია,
„იცით რა, მელიას განცხადება არის იმის აღწერა, თუ რა ხდება დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში". როდესაც დადგა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევის საკითხი, მაშინ გაიცა ახალი ჯგუფისგან პირობა იმისა, რომ ისინი აუცილებლად დაისხნისდნენ სააკაშვილს და მოაწყობდნენ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს. 7-8 თვე გავიდა ამის შემდეგ - არც პერმანენტული აქციები ჩანს სადმე და არც გათავისუფლებული სააკაშვილი.
„შესაბამისად, მელია ითხოვს დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან დანაპირების შესრულებას, რამაც მათ საშუალება მისცა, რომ შეეცვალათ ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობაში", ანუ მელია ჩაენაცვლებინათ ახალი თავმჯდომარით. ამიტომ ბუნებრივი მოთხოვნაა მელიასგან, იმიტომ, რომ იმთავითვე ცხადი იყო, ეს იყო შეუსრულებელი და საარჩევნო პიარზე გათვლილი დაპირებები.
„განსხვავებით მაშინდელი განცხადებებისაგან, მელია თვლის, რომ ხაბეიშვილი არ არის პარტიის რეალური მმართველი და ამას ემატება კეზერაშვილი და მერაბიშვილი, რომლებიც მართავენ პარტიას.
„რეალურად, ახლა მიდის მართლაც საარჩევნო სიის შედგენა მომავალი არჩევნებისთვის და ბუნებრივია, რომ მელია და მისი გუნდი რჩება ბორტს მიღმა და იქ ახალი გუნდი დაიკავებს ადგილებს, საარჩევნო სიაში. ამას გულისხმობდა მელია და მართლაც ეს პროცესი მიდის. გამოდის, რომ მას სიაში ადგილი არ ექნება, რაც ნიშნავს, რომ ის იქნება ნომინალური წევრი „ნაციონალური მოძრაობის", თუ პროცესი ასე გაგრძელდა.
„ამიტომ მელია ცდილობს შეახსენოს თავის ამომრჩეველს რა პირობით მოვიდა ხაბეიშვილი ხელისუფლებაში და ეს პირობა არ სრულდება. ფაქტიურად იწყება „ნაციონალურ მოძრაობაში" ხელახალი არჩევნების ჩატარების პროცესი. რამდენად შეძლებს მელია ამას, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ვერ შეძლებს, მაშინ ის და მისი გუნდი გაემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას" და შემოდგომაზე უნდა ველოდოთ ახალი პარტიის დაარსებას. ვინ იქნება ამ პარტიაში, ამას ვნახავთ ალბათ შემოდგომაზე," - განაცხადა ენმ-ის შიდა დაპირისპირების კომენტირებისას ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე