რეზონანსი
(03.07.2023)

ჩეხეთმა სომხეთს საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი გადასცა.

როგორც სომხური მედია წერს, კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი სტატუსის მქონე პირი სომხეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაშია ბრალდებული და ძებნილი.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ვ.ა.-მ 2016 წლის მარტში სომხეთში ყოფნისას, ერევნის ერთ-ერთ რესტორანში, კომიტასის გამზირზე, ადამიანთა ჯგუფთან შეთანხმებით, „კანონიერ ქურდად" წარდგენით, ერთ-ერთი მოქალაქისგან, ოჯახის წევრებზე ძალადობის მუქარით, 20 ათასი დოლარი მოითხოვა, ხოლო მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ დაზარალებული რესტორანში Range Rover Sport-ის მანქანით მივიდა, მისგან მანქანაც მოითხოვა და მიიღო მისი მანქანის გასაღები.

კრიმინალური ავტორიტეტის წინააღმდეგ სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასამართლომ დააკმაყოფილა ვ.ა.-ს დაკავების მოთხოვნა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა.

„კანონიერი ქურდი" ჩეხეთში იპოვეს. 30 ივნისს ის სომხეთს გადასცეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ერთთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე