რეზონანსი
(03.07.2023)

როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, პატიმარი სააკაშვილი, რომელიც თურმე 400 დღის განმავლობაში კვდებოდა, დღეს უკვე პოლიტიკაშია ჩართული და ხელმოცარულებს ეუბნება, გაიწიეთ გვერდზე, მე უნდა მივიღო წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობაო

„სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა კი არა, კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც არ არისო. რამდენი ხანი ამუნათებდნენ ჩვენს ქვეყანას, ორი რეზოლუცია მიიღეს ფასიანმა ლობისტებმა ევროპარლამენტში, შემდეგ აღმოჩნდა, რომ კეზერაშვილზე თქვეს, მედიადევნილი არისო. შემდეგ თვითონ ევროპამ გამოაცხადა, „მისტერ ობშორი" დაარქვა, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავსო და ამით არის დღეს „ფორმულას" დამფინანსებელი. პატიმარი სააკაშვილი სადაც არის, კარგად იყოს და ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს. მას მოუწევს, ბოლომდე მოიხადოს სასჯელი, მაგრამ დანარჩენები, ვინც გარეთ იყვნენ და საკუთარ ქვეყანას ზიანს აყენებდნენ, მაინტერესებს, ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას, რომ თქვან, შეცდომაში ვიყავით შეყვანილი და ბოდიში უნდა მოვიხადოთო? ან ის ჟურნალისტები, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ 24 საათის განმავლობაში, თითქოს წამლავდნენ პატიმარ სააკაშვილს, ცუდად ექცევიან, აწამებენ, სტრასბურგმა ხომ მიიღო გადაწყვეტილება, მათი ყველა არგუმენტი ხომ გაანულა? ესაა ორმაგი სტანდარტი და ამიტომ არიან ხელმოცარულები. ისინი ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში, რადგან ეს ქართველი ხალხის ნებაა და ამას ჩვენ ყოველთვის დავიცავთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე