რეზონანსი
(03.07.2023)

ვლადიმერ პუტინის პასუხი „ვაგნერის" შეიარაღებულ ამბოხებაზე სუსტი იყო - რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხზე კონტროლს კარგავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ პუტინის რეაქციას. ეს რეაქცია სუსტია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის არ აკონტროლებს ყველაფერს. „ვაგნერის" რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში. ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, რომელიც მას ჰქონდა, უბრალოდ იშლება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ნახევარი მხარს უჭერდა „ვაგნერის" ხელმძღვანელსა და გასამხედროებული დაჯგუფების ამბოხებას.

შეგახსენებთ, 24 ივნისს „ვაგნერის" გასამხედროებული დაჯგუფების ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა შეიარაღებული ამბოხება წამოიწყო, რუსეთის ორ ქალაქში, დონის როსტოვსა და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი მოიპოვა და მოსკოვისკენ დაიძრა. ამბოხების მცდელობა, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით შეთანხმებით დასრულდა, პრიგოჟინმა მოსკოვისკენ მიმავალი დაქირავებული მებრძოლების რაზმები უკან დააბრუნა, მის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა ევგენი პროგოჟინი ბელარუსში გადავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე