რეზონანსი
(03.07.2023)

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უკრაინის მხრიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და მისი დამფუძნებლისთვის სანქციების დაწესებას პოლიტიკურად განპირობებულ გადაწყვეტილებას უწოდებს.

თამაზ გაიაშვილის მსგავსად, ლევან დავითაშვილმა სანქციების დაწესებაში ოპოზიცია დაადანაშაულა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი მათ მიერ უკრაინისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება გახდა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინის გადაწყვეტილებაზე შესაბამისი რეაქცია ექნება.

"პირველ რიგში ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა. შესაბამისად, სამწუხაროა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ ჩვენ უკრაინის ხელისუფლების და ასეთ ფაქტები გვქონდა ჩვენ წინა შემთხვევებშიც, როცა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინამ. ცალსახად მიუღებელია, ეს არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას გააჩნია. ამაში მე ვფიქრობ, რომ ალბათ, ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია, რადგან ჩვენ ვიცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, საფუძველი სწორედ ეს აქვს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც არასწორად ხდება ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას მხოლოდ აზიანებს და არანაირად არ არგებს.

რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე ჰქონდა რეაგირება და დარწმუნებული ვარ ახლაც იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაქცია", - თქვა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, პირველ ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც სანქციები დაუწესდათ Georgian Airwas-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.

უკრაინის გადაწყვეტილებას მეორე დღეს გამოეხმაურა თამაზ გაიაშვილი და მას "აბსურდი და უსამართლობა უწოდა. გავრცელებულ განცხადებაში გაიაშვილი აღნიშნავდა, რომ უკრაინა შეცდომაში ოპოზიციამ შეიყვანა. გარდა ამისა, გაიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის გადაწყვეტილებას საქართველოს მხრიდან "სარკისებური პასუხი მოჰყვება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე