რეზონანსი
(03.07.2023)

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ მის სასამართლო პროცესს 7 ნოემბრის საქმეზე დაესწროს.

როგორც სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დაცვის მხარემ სააკაშვილი დღეს კლინიკაში მოინახულა, რომელმაც სხდომაზე დასწრების მზაობა გამოთქვა.

"რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დღეს პროცესი ტარდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონაწილეობით ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე. გვყავს სასამართლოს განახლებული შემადგენლობა, ლაშა კლდიაშვილი არის მესამე მოსამართლე , რომელიც ჩაანაცვლებს ლია ორკოდაშვილს და შესაბამისად, სასამართლო დღეს რამდენიმე პროცედურულ საკითხს გაივლის, მათ შორის ეს არის აცილების საკითხი და მათ შორის, არის რამდენიმე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი და დაცვის მხარესაც ექნება რამდენიმე შუამდგომლობა. ჩვენ, ცხადია, გვინდა, რომ პროცესები იყოს საჯარო და ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდეს თვალყური ადევნოს და იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესზეც ამას მოვახერხებთ და სასამართლო ამაში ხელს არ შეგვიშლის. რაც შეხება თავად პრეზიდენტ სააკაშვილის მონაწილეობას, მას სურვილი აქვს, რომ ყველა მის პროცესში მიიღოს მონაწილეობა. დღესაც ეს სურვილია და ძალაში რჩება. არ ვიცი, რამდენად მისცემს კლინიკა "ვივამედი" საშუალებას, რომ ის პროცესს ფიზიკურად დაესწროს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მის დისტანციურ მონაწილეობას ამ ეტაპზე, ხელს არაფერი უშლის. ჩვენ ვიყავით მასთან, მოვინახულეთ და მზად არის, პროცესში მიიღოს მონაწილეობა", - განაცხადა თუთბერიძემ.

მან, ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს.

"რაც შეეხება ჩვენ პოზიციას, მოსამართლის ჩანაცვლების დროს დგება ხოლმე საკითხი საქმეში არსებული მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შესახებ, რადგან ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა გამოკვლევა, განსაკუთრებით მოწმეთა დაკითხვა მოხდეს იმ მოსამართლის მონაწილეობით, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ საქმეში სათადარიგო მოსამართლე, რომელიც პროცესს თვალს ადევნებდა და საქმეში ერკვევა, დანიშნული არ იყო, ამიტომ ბატონი ლაშა არის ახლა ჩართული და შესაძლო, ის მტკიცებულებების გამოკვლევის შედებს არ იცნობდეს, არ ესწრებოდა მტკიცებულებების გამოკვლევას, ამიტომ დაცვის მხარის პოზიცია იქნება ის, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოკვლევა მოხდეს ყველა იმ მოსამართლის ჩართულობით, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე