რეზონანსი
(01.07.2023)

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას ნიკა გვარამიას შეწყალებაზეც ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვერ დაინახა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეწყალების თაობაზე ყველა გადაწყვეტილება არის რთული და ძალიან მტკივნეული.

„რეალურად, საქართველოში სივრცე არის სულ სხვა. არის დიდი უმრავლესობა, რომელიც არ ემხრობა არც დღევანდელ მთავრობას, არც ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც დღეს მეტ-ნაკლებად დაქსასულია და უნდა სხვა რამ - განახლება. როგორც ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, ეს არ არის მხოლოდ საქართველო. რამდენიმე წლის შემდეგ და მით უმეტეს, დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, არის ეს მოთხოვნა, რომ მინდა, განახლდეს, მინდა, სხვა რამ დავინახო. ამ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის ეს დიდი უმრავლესობა, მე რაც ვნახე, ის რეაქციები, ის, რაც მოვიდა და შევიდა, იცით ალბათ, რომ ჩემი „ფეისბუქი", „მესენჯერი" ღიაა, ყველაფერს ვკითხულობ, ვიღებ, თუნდაც ლანძღვას. მე ვერ ვნახე, რომ ამან გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. მე ასე მიმაჩნია და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. არ მივიღე იმიტომ, რომ მსიამოვნებდა, არ მივიღე, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ძნელი გადაწყვეტილება არ იყო. ისიც მინდა, გითხრათ, რომ ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის რთული, ძალიან მტკივნეული და არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე. კარგად მახსოვს. მე თუ შევიწყალე - ამ მეხსიერებითაც. მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩემზე ვინ რა თქვა. გუშინ რაც ითქვა პარლამენტში, ეს არ არის ჟურნალისტი. ეს არის პარლამენტარი, რომელიც თავის თავს ნებას აძლევს, უხამსი სიტყვებით ახსენოს პრეზიდენტი. ესეც მოვითმინე. სტრატეგიული მოთმინება არის პრეზიდენტისთვის ყველაზე საჭირო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე