უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევები გრძელდება და უკრაინელი სამხედროები ბახმუტის ოპერატიული ალყისთვის ემზადებიან. ამ მიმართულებით ეს არის თითქმის ერთთვიანი კონტრშეტევის პირველი მნიშვნელოვანი შედეგი. მთავარი ამოცანა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორი დასახლების დაკავებაა, რის შემდეგაც ქალაქი უკრაინელი სამხედროების კონტროლ ქვეშ მოექცევა.
მნიშვნელოვანია წარმატება ზაპოროჟიეს მიმართულებითაც, სადაც ბრძოლა თითოელი მეტრისთვის მიმდინარეობს. დემოტივირებული რუსული ჯარი კი უკრაინელების შესაჩერებლად ავიაციას იყენებს. ოფიციალური მონაცემებით დანაკარგი და ზარალი ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანია.
უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებს, კონცენტრირების რაიონებსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინაზე დრონებისა და S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით მორიგი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. „ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება“, - აცხადებენ გენშტაბში.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, რუსებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ზაპოროჟიესა და ჩუგუევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის S-300 ტიპის ექვსი რაკეტა გამოიყენეს.
„რუსმა ოკუპანტებმა, გასული დღე - ღამის განმავლობაში, საერთო ჯამში, 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 60-ჯერ გაუხსნეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის საავიაციო ძალებმა ერთ დღეში 11 დარტყმა მიაყენეს იმ რაიონებს, სადაც მტრის პერსონალი იყო კონცენტრირებული.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის მართვის 3 პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 2 რაიონს, სარადარო სადგურსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები აგრძელებს შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებებზე.
"შეტევითი ოპერაცია გრძელდება. მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა ჩვენი მიწის თითოეული მეტრისთვის. წარმატებით მივიწევთ წინ", - განაცხადა ანა მალიარმა.
მისივე თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ წარუმატებელ შეტევას ლიმანის, ავდეევკის და მარიინკის მიმართულებებზე.
"როვნოპოლი - ვოლოდინოს მიმართულებაზე გვაქვს წარმატება, ახლა მიმდინარეობს გამაგრება დაკავებულ პოზიციებზე, რუს სამხედროებს სერიოზული დანაკარგები აქვთ. ფაქტობრივად ნადგურდება მოწინააღმდეგის შეტევითი პოტენციალი, ტექნიკა, საწყობები, მართვის პუნქტები და პირადი შემადგენლობა", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი კი ამბობს, რომ გამარჯვებისკენ სვლა რთულია, მაგრამ რეალური.
"უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი გამარჯვების გზა რთულია. ახლა კი, ვერავინ იტყვის, როდის დავასრულებთ. მაგრამ როცა მიზანი ნათელი და სამართლიანია, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ეკლიანია ამ მიზნისკენ მიმავალი გზა. უკრაინა გაივლის ამ გზას გამარჯვებისკენ! და ეს აღარ არის ოცნება - ეს რეალობაა",- წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინამ ბახმუტის სამხრეთით, კრიტიკული დასახლება კურდიუმივკისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი თქმით, უკრაინულმა არმიამ დასახლების შესასვლელს მიაღწია და დროშა აღმართა. თუკი უკრაინელები შეძლებენ მის გათავისუფლებას, ბახმუტის სამხრეთით რუსულ ნაწილებს ძალიან დიდი პრობლემა შეექმნებათ .
„ბახმუტსა და სოლედარზე გამავალი სარკინიგზო ქსელი სწორედ კურდიუმივკაზე გადის. ამ მიმართულებით დიდია რუსი ტყვეების რაოდენობაც. ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსებმა უკრაინელების მიერ დაკავებული პოზიციების დაბრუნება სცადეს, თუმცა, წარუმატებლად. ბრძოლა კვლავ ოლეშკის მისადგომებთან მიმდინარეობს. უკრაინელებს ინიციატივა აქვთ. პლუს მდინარის დასავლეთ სანაპიროდან რუსულ პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა გრძელდება.
„ასევე, ზაპორიჟიას ოლქში უკრაინელებმა აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ბერდიანსკი და მომიჯნავე პრიმორსკი დაბომბეს. მომარაგების ხაზებსა და ბაზებს მიღმა უკრაინელთა სამიზნე საინჟინრო ნაწილებიც წარმოადგენენ, რომლებიც რუსული ტექნიკის შეკეთებასა და აღჭურვას აწარმოებენ.
„ზაპორიჟიაში, ვასილივკას მიმართულებით, ჟერებიანკასათვის ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა ამ მიმართულებით - რუსები საბრძოლო მოქმედებების ზონაში დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალასა და ტექნიკას აგზავნიან და კონტრშეტევასაც ცდილობენ.
„პრაქტიკულად არ ყოფილა არცერთი ტერიტორია, რომლის დაკარგვის შემდეგაც რუსებმა კონტრშეტევაზე გადასვლა არ სცადეს. თუმცა არცერთი კონტრშეტევა მათი მხრიდან შედეგიანი არ ყოფილა, ხოლო ზოგადად, შეტევა უფრო ზარალიანია, ვიდრე თავდაცვაში ყოფნა. რუსები იმაზე უფრო დიდი რაოდენობით ტექნიკას კარგავენ, ვიდრე მხოლოდ თავდაცვაში ყოფნისას დაკარგავდნენ“,-ამბობს პროფესორი.
მისივე თქმით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა აღნიშნა, რომ უკრაინელთა ტაქტიკა ჯერ კიდევ არ არის კონტრშეტევის სრულმასშტაბიანად წამოწყება და კვლავ რუსული არმიის გამოფიტვაზე არიან ორიენტირებულნი, რასაც ძალიან ეფექტურად ახორციელებენო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე