ნაზი ბერიძე
(30.06.2023)

ზელენსკი ნატოს ვილნიუსის სამიტზე არ წავა თუ ლიდერებს „სიმამაცის დეფიციტი" ექნებათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ და ზელენსკის დიპლომატიურმა მრჩეველმა, იგორ ჟოვკვამ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„პრეზიდენტი არ წავა... სამიტზე, თუ ლიდერები სიმამაცის დეფიციტის დემონსტრირებისკენ იქნებიან მიდრეკილნი ან ამის დემონსტრირებას მოახდენენ, მაშინ როდესაც უკრაინა მთელი სიმამაცით, ნებით, ძალითდა მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ" - განაცხადა ჟოვკვამ.

მისი შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტს ვილნიუსის სამიტზე „ წასასვლელად აზრი და დრო არ ექნება" თუ იქ „შედეგი არ იქნება". ჟოვკვამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა უფრო ახლოს არის ალიანსში მოწვევის მიღებასთან, ვიდრე „ნახევარი წლის წინ".

უკრაინას რომ მხარდაჭერა ექნება, ამას მოწმობს ხუთშაბათს 29 ივნისს ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტი, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტონტელბერგი დაესწრო და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეკრებილებს ვიდეო ჩართვაში მიმართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მნიშვნელობას, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 27 ლიდერი უპირატესობას ანიჭებს თავიანთი აღმოსავლეთის ფლანგის დაცვას რუსული აგრესიისგან, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.

პარასკევს, 30 ივნისს შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია რომ, ლიდერებმა კიდევ ერთხე დაადასტურეს მზადყოფნა „უკრაინა უზრუნველვყოთ მდგრადი სამხედრო მხარდაჭერით, რამდენი ხანსაც მას დასჭირდება".

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" „სიმამაცის დეფიციტს" განმარტავს როგორც სახელმწიფოების უფრო დიდ სურვილს და მხარდაჭერას უკრაინის მიმართ სამხედრო შეიარაღების მიწოდებაში, უფრო დროულად და უფრო მეტი ოდენობით. ასევე სასურველია იყოს მიღებული ნატოს ვილნიუსის სამიტზე პრაგმატული გადაწყვეტილებები, რაც იქნება უკრაინისთვის ხელშესახები და იმედისმომცემი.

„საუბარი იყო იმაზე რომ ზელენსკი არ წავა თუკი არ იქნება რამე ხელშესახები რეზულტატი ამ შეხვედრით.

„ჩემი აზრით, სწორი პოზიციაა, ახლა ზელენსკი არის უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც არის ომში ჩაბმული, უბრალოდ შეხვედრაზე სიარული ისედაც ბევრჯერ მოუწია მას და თუ რაღაც პრაგმატული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და იქნება მხოლოდ სიტყვებით გამხნევება, რა აზრი აქვს?

„რა იგულისხმება „სიმამაცის დეფიციტში", ალბათ ზელენსკის უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა. არის ალბათ, საუბარი შეიარაღების მიწოდებაზე, უფრო დიდი რაოდენობით და უფრო დროულად და იმ გადაწყვეტილებების მიღებაზე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რასაც ჰქვია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება" - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" განმარტავს რომ „სიმამაცის დეფიციტი" იმ სკეპტიკოს სახელმწიფოებს აქვთ, რომლებიც არ თვლიან, რომ უკრაინა ნატოს წევრი უნდა იყოს.

„ალბათ, საუბარია ეგრედ წოდებულ სკეპტიკოს სახელმწიფოებზე, რომლებიც არ თვლიან საჭიროდ, რომ უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო და ჯერ ადრეა ამ საკითხის დასმა. თუ ნატო კვლავ არ მიიღებს ეფექტური ტიპის გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს უკრაინის რეალურ ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

„მეორე საკითხია ნატო-უკრაინის თანამშრომლობის სტატუსის შექმნა, რომელიც არ არის წევრობა, მაგრამ შეიძლება დიდი როლი ითამაშოს და ჰქონდეს ფუნქციები ნატოსთან რეალურ წევრობასთან მიმართებაში.

„აი ეს საკითხები და მომენტები თუ არ იქნება გადაწყვეტილი, მაშინ ზელენსკის ჩასვლას ვილნიუსში აზრი ეკარგება, იმიტომ, რომ დღეს უკრაინა დიდ მსხვერპლს ღებულობს იმისთვის რომ მან დაიცვას ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე რუსული აგრესიისაგან.

„შესაბამისად უკრაინის ეს ძალისხმევა უნდა იყოს როგორმე მხარდაჭერილი, გეოპოლიტიკური პროვოკაციების გაქარწყლებისთვის, რომელსაც ზოგიერთი ნატოს წევრი სახელმწიფო ახორციელებს, თურქეთისა და იგივე თუნდაც უნგრეთის მაგალითზე" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე