ბოლო ერთი წელია ატყუებენ საზოგადოებას არა მარტო ჩვენი ქვეყნის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოში. სააკაშვილის გარემოცვამ აწარმოა კამპანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოწამლა სააკაშვილი, აწამა, მოკლა და გაცოცხლდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით გამოსვლისას, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ამ კამპანიის წარმოებისთვის, რომელმაც მისი თქმით, დააზიანა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და შელახა საქართველოს იმიჯი, სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი გადაიხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს კამპანია სააკაშვილის გარემოცვამ აწარმოვა უკრაინაში მიმდინარე ომით შექმნილი გამოწვევების დროს, მაშინ, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება.
„ბოლო ერთი წელია ატყუებენ საზოგადოებას არა მარტო ჩვენი ქვეყნის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოში აწარმოეს კამპანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოწამლა სააკაშვილი, აწამა, მოკლა და გაცოცხლდა და ა.შ. ამაში თქვენმა ბელადმა და მისმა ოჯახმა მილიონობით დოლარი გადაიხადა, რომ შეელახა ჩვენი ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია. თანაც რა დროს, მეგობრებო, როცა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების რისკებია, ომი უკრაინაში, რომელზეც არავინ იცის, როგორ დასრულება და რა შედეგს მოიტანს ეს ომი. ეს ომი ჩვენ ყველას გვეხება. ამ ომმა შეიძლება შეცვალოს მთელი მსოფლიო წესრიგი, ევროპის მთლიანი უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ დროს, ასეთ ვითარებაში, მითუმეტეს, როცა ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს. როცა დადიხართ, დარბიხართ მთელ მსოფლიოში, იხდით მილიონებს, უკვეთავთ ტელევიზიებში სატელევიზიო ინტერვიუებს... ყოველ კვირა ფინანსდებოდა კონკრეტულ მედიასაშუალებებში ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ჩვენი ხელისუფლება აწამებს, კლავს, ტანჯავს სააკაშვილს რუსეთის დავალებით და ბოლოს რეზიუმე იყო გაკეთებული, ამათივე დაკვეთით, რომ არ შეიძლება ასეთი ხელისუფლების დროს სტატუსი მიეცეს საქართველოს. გამაგებინეთ, რა ჰქვია ამას თუ არა ღალატი? ეს არის საბოტაჟი, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი, ჩვენი ხალხის ინტერესების ღალატი. ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრი უხერხული კადრის გასაჯაროება, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს გარდა იმისა, რომ სიმართლე დაგვეცვა. ჩვენ შევძელით სიმართლის დაცვა- სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი, სამართლიანი, ღირსეული გადაწყვეტილება, როცა უარი უთხრა მათ ბელადს და მთელი სიცრუეზე აგორებული კამპანია დაასრულა ერთი გადაწყვეტილებით. რატომ არ ამბობენ? გამოვიდნენ და თქვან, ბოდიში მოიხადონ ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატისთვის, ჩვენი ქვეყნის იმიჯის, რეპუტაციის შელახვისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობას ევროპულ ღირებულებებზე ესაუბრება რეჟიმი, რომელიც პატიმრებს აწამებდა და ადამიანებს ბიზნესს ართმევდა.
„როდესაც ჩვენს საზოგადოებას მიმართავენ და ესაუბრებიან ჩვენს ევროპულ მომავალზე, გავახსენოთ ჩვენს ხალს, ვინ ესაუბრება ევროპულ სტანდარტებზე, სასამართლოზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე. ვინ და მე გეტყვით, სისტემა, რეჟიმი, რომელიც ადამიანებს კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, ბიზნესს, სახლებს ართმევდა და ოჯახებს ანადგურებდა, ჩვენს ტერიტორიებს კარგავდა და ღალატობდა, ყოველ დღე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს დღეს ევროპულ მომავალზე გველაპარაკება, ჩვენი ხალხი ბრძენია და ჩვენი ხალხი კარგად ხედავს სხვაობას. დაასრულეთ საბოტაჟი და დაასრულეთ ქვეყნის ინტერესების ღალატი!" - განაცხადა პრემიერმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე