ელზა პაპოშვილი
(29.06.2023)

უკრაინაში გააფთრებული ბრძოლა 4 მიმართულებით მიდის - ლიმანში, ბახმუტში, მარიინკასა და შახტიორსკში. დღე-ღამის განმავლობაში 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინელები აცხადებენ, რომ სტრატეგიული ინიციატივა ხელში ჩაიგდეს და წინ მიიწევენ. უფრო სწრაფი წინსვლისთვის კი მათ საბრძოლო მასალა და განნაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა სჭირდებათ.  

ანალიტკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უკრაინელთა ხელშესახები წარმატება ნამდვილად შეიმჩნევა. მათი აზრით, უკრაინელები ფრთხილობენ და ეს ლოგიკურიცაა, რადგან რუსებს დიდი ტერიტორია აქვთ დანაღმული და ასევე უკარინელებს საჰაერო თავდაცვაში პრობლემები აქვთ. ისინი დასავლეთისგან „ეფ-16“-ებს კვლავ ელიან, რომელიც ფრონტის ხაზზე შესამჩნევ ცვლილებას მოახდენს უკრაინელების სასრგებლოდ.

ხუთშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის ესაუბრა ტელეფონით.

„განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება. უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევითი ოპერაციებს. გვაქვს პროგრესი. მტერი ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევს და ამავდროულად დიდ დანაკარგებს განიცდის. ის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი პოზიციები ტერიტორიის უწყვეტი დანაღმვით“, - წერს ზალუჟნი „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, მარკ მილისთან ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელ საჭიროებებზე - იარაღის, საბრძოლო მასალისა და განნაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესახებ.

„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კონტაქტს და კოორდინაციას გავიწევთ ქმედებებს უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.   

რა უშლის ხელს უკრაინელებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ უკრაინელების კონტრშეტევა გარკვეული ლოკალური წარმატებებით მიმდინარეობს. მისი შეფასებით, ჯერჯერობით უკრაინა ისევ მოსამზადებელ ოპერაციებს ახორციელებს, რაც ძირითადი შეტევის დასაწყებად სჭირდება.

„განსაკუთრებული წარმატება უკრაინას დონეცკის და ზაპროჟიეს ოლქების საზღვარზე აქვს. მართალია, დიდი მანძილით არ მიიწევენ წინ, მაგრამ ნებისმიერ სანტიმეტრს დიდი მნიშვნელობა აქვს. 

„რაც შეეხება კონტრშეტევას, მე მაინც ვთვლი, რომ ის გაცილებით წარმატებული იქნება, თუკი უკრაინა „ეფ-16“ მიიღებს. საჰაერო მხარდაჭერის გარეშე, უკრაინელებს კონტრშეტევა და სწრაფად წინსვლა უჭირთ. რუსები ვეტრფრენებით მათი ჯავშანტექნიკის დაზიანებას ახერხებენ, რაც უკრაინელების წინსვლას აფერხებს. 

„ასევე რუსებს ძალიან დიდი ტერიტორია აქვთ დანაღმული, რაც უკრაინელების გადაადგილებას კიდევ უფრო აფერხებს. შესაბამისად, რუსებს მათი გადაადგილების გაანალიზების საშუალება ეძლევათ, ამას კი საჰაერო დარტყმისთვის იყენებენ.  

„უკრაინელებმა ეს დანაღმული ტერიტორიები რომ გადალახონ, მათ საინჟინრო ტექნიკა სჭირდებათ. ასევე ჰაერიდან დაცვა, რათა ამ ტექნიკის გამოყენებაც მოხდეს. ასეთ დროს დანაყოფი ჰაერიდან უფრო მოწყვლადი ხდება. 

„უკრაინელები ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს წარმატებით იყენებენ, ეს არის გაკვამლიანება და ღამით ბრძოლა. ახლა ყველაზე მეტად რაც უჭირთ, ეს საჰაერო მხარდაჭერაა. თუკი შორი მანძილის რაკეტებს მიიღებენ, ეს უკრაინელებისთვის ძალიან დიდი მოგებული დრო იქნება, რომელიც მათ წინსვლას დააჩქარებს“, - ამბობს კაპანაძე „რეზონანსთან“.

პრიგოჟინის მომავალი და შესაძლო ახალი შეტევა კიევზე 

რუსეთში ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წარუმატებელი ამბოხისა და მისი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ბელარუსში გადასვლის შემდეგ, ანალიტიკურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსებმა „ვაგნერის“ გამოყენებით შესაძლო კიდევ ერთხელ სცადონ კიევზე შეტევა ბელარუსიდან. გენერალი კაპანაძე ამას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.

„მე მივიჩნევ, რომ პრიგოჟინის მიმართ შეფასება ზედმეტად გადაჭარბებულია. ეს არის ჭკვიანი, ცბიერი მენეჯერი და არა სამხედრო. ბელარუსში მასთან ერთად ალბათ მხოლოდ 5 ათასამდე კაცი თუ გადავიდა. ეს ის ძალა არ არის, რომელიც კიევს საფრთხეს შეუქმნის. 60 თუ 80 ათასი კაცით პუტინი კიევთან არ იდგა? მისი აღება მან ვერ შეძლო და  პრიგოჟინმა 5 ათასი კაცით რა უნდა გააკეთოს...

„არ არის გამორიცხული პრიგოჟინს „ნოვიჩოკი“ (მომწამვლავი ნივთიერება, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, რუსული სპეცსამსახურები იყენებენ არასასურველი პირების გასანეიტრალებლად) ელოდებოდეს. პუტინი ასე მარტივად მას ამ შეურაცხყოფას არ შეარჩენს. 

„რუსებს საერთოდ ჭკუა თუ კიდევ მოეკითხებათ, კიევზე შეტევა აღარ უნდა გაბედონ. კვლავ კიევზე წასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან ახლა უფრო  ცუდ სიტუაციაში არიან, ვიდრე ომის დასაწყისში. მითუმეტეს, უკრაინელები ახლა ბევრად კარგად არიან შეიარაღებული და კიევიც უკეთაა გამაგრებული“, - ამბობს კაპანაძე „რეზონანსთან“.  

როდის იქნება გარდატეხა

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან  ამბობს, რომ ისეთი სერიოზული მოწინააღმდეგის დამარცხებას, როგორიც რუსეთია, სჭირდება მოთმინება და ნებისყოფა, რაც უკრაინას ნამდვილად აქვს. მისი პროგნოზით, უკრაინა გააგრძელებს მცირე ნაბიჯებით წინსვლას და დაელოდება მომენტს, რომცა მოწინააღმდეგე გამოიფიტება.

„უკრაინას რუსებთან შედარებით ტექნოლოგიური, შეიარაღების, მომზადების და მოტივაციის უპირატესობა აქვს. სანამ რუსები არ გამოიფიტებიან და უკან დახევას არ დაიწყებენ, უკრაინის მხრიდან სწრაფ გარღვევას არ უნდა ველოდოთ. ეს არ მოხდება, რადგან ძალიან დიდ მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული. ამას უკრაინა არ გააკეთებს. ამიტომ არ უნდა შევიქმნათ ფუჭი მოლოდინი და ხვალ-ზეგ ომში რაიმე გარდატეხას არ უნდა ველოდოთ. 

„მე მაინც მგონია, რომ მთავარი გარდატეხა 2024 წლის გაზაფხულზე მოხდება, როცა ორივე მხარე ზამთრის ბრძოლებში ხელჩასაჭიდს დაინახავენ. უკრაინამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ უნდა იჩქაროს და ასეც აკეთებენ. ორივე მხარე ახლა ზამთრისთვის მოემზადება. მანამდე კი უკრაინა ნელ-ნელა, ყოველდღიურად ორ-სამ სოფელს დაიკავებს. ეს შეიძლება ცოტაა, მაგრამ ნორმალურია. 

„რუსებს სამშრიანი თავდაცვა აქვთ ბეტონის კონსტრუქციებით აგებული და საკმაოდ კარგად არიან მომზადებული. ასე მარტივი არ არის, რომ ერთ დღეს ამხელა ფრონტის ხაზს შეუტიო, მითუმეტეს საჰაერო თავდაცვის გარშე და რამე ხალშესახებ წარმატებას მიაღწიო. მოთმინება და ნებისყოფა - ამ ომში ეს არის გადამწყვეტი, რაც უკრაინას აქვს“, -ამბობს ბერიძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე