ნაზი ბერიძე
(29.06.2023)

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, საქართვლოს გავლით, რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივაზე მოსკოვში კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. რუსული მხარე ირწმუნება, რომ ამისთვის შემუშავებული აქვთ შესაბამისი „საგზაო რუკა" და მისი განხრციელებისთვის ძალას არ იშურებენ. რას შეიძლება გულისხმობდეს ეს გეგმა? ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, თუმცა მოსკოვში შესაძლოა მართლაც ჰქონდეთ გარკვეული გეგმა და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყონ მისი განხორციელება.

აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის პერსპექტივაზე 29 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მას კითხვა დაუსვეს სომხეთსა და რუსეთში შორის საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე და ზახაროვას პასუხი ასეთი იყო:

„ყველა ძალისხმევას მივმართავთ დასახული მასშტაბური „საგზაო რუკის" განხორციელებისთვის. ის მოიცავს სახელმწიფოების მეთაურების დონეზე ხელმოწერილ დოკუმენტებს, შესაბამის კომისიებს ჩვენი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენელთა ეგიდით. ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერი კეთდება ამ გეგმის განხორციელებისთვის", - განაცხადა ზახაროვამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია არ შეცვლილა:

„არაფერი ახალი, არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი, არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება, ეს არის მოცემულობა."

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზახაროვას მიერ ნახსენებ „საგზაო რუკაში" შეიძლება პირველ რიგში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენას იგულისხმებოდეს.

„საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისაგან განსხვავებით, რკინიგზის აღდგენა ასეთი იოლი არაა. ფრენები რომ აღადგინეს, აეროპორტები ისედაც არსებობს და უცებ დაიწყეს ფრენა.

„ასევე შეიძლება გაკეთდეს საზღვაო მიმოსვლაზეც. არაა გამორიცხული, რომ, ვთქვათ, შეთანხმდნენ ბათუმი-სოჭის რეისზე, იმიტომ, რომ ზღვას არ სჭირდება ინფრასტრუქტურა.

„რკინიგზა კი ხელხლა უნდა აშენდეს. ოჩამჩირედან ზუგდიდამდე აყრილი და გაუბედურებულია რკინიგზის მონაკვეთი. რაც მთავარია, ხიდი არ არსებობს - ენგურის ხიდი ჩანგრეული, ის უნდა მოიხსნას და ახალი დაიდგას.

„ანუ, დღეს რომ შეთანხმდნენ, უკეთეს შემთხვევში წელიწადნახევარში შეიძლება მატარებელმა დაიწყოს მოძრაობა.

„ახლა ამის არავითარი ნიშანი არ არსებობს, გარდა მარია ზახაროვას განცხადებისა. ამისთვის ჯერ ხელი უნდა მოეწეროს საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულებას, მაგრამ საკითხავია - ამ ხელშეკრულებაში აფხაზეთი იქნება წარმოდგენილი, როგორც მხარე? თუ არ ვრთავთ მას, როგორ მოიქცევა აფხაზეთი? მეორე - დათანხმდება საქართველო ამას? შეიძლება ეს სამუშაო გეგმა გაწერილია, მაგრამ, სულ ცოტა, ყველაფერი უნდა დაიწყოს დოკუმენტის ხელმოწერით. მემგონი ეს უფრო პოლიტიკური განცხადებაა.

„უნდა ითქვას, რომ უკვე არსებობს ხელშეკრულება საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით საავტომობილო ტვირთბრუნვაზე, მაგრამ ის არ მუშაობს. 2011 წელს არის ხელმოწერილი, „ნაციონალური მოძრაობის" დროს. დაიხარჯა თანხა, შვეიცარიული კომპანიაა, დაქირავებული, რომელმაც უნდა აწარმოოს ტვირთების მონიტორინგი, მაგრამ ტვირთები არ გადაადგილდება აფხაზეთის მიმართულებით.

„ყველაფერთან ერთად, აფხაზებს ამ საკითხზე ძალიან მკაცრი პოზიცია აქვთ - ვერანაირი რკინიგზა, ვერანაირი სამანქანო ტვირთი ვერ გაივლის (თუნდაც იმ ხელშეკრულებით, რომელიც ხელმოწერილია 2011 წლიდან), სანამ აფხაზეთი არ იქნება ჩართული, როგორც მესამე მხარე, ამ ხელშეკრულებაში", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე