დღეს ორი კვირა შესრულდა მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება. ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევ, რომ მის გააქტიურებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არანაირი ცვლილება არ მოჰყოლია და ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც მას ოპოზიციაშიც კი სერიოზულად უკვე არავინ აღიქვამს. ნაწილის აზრით კი, სააკაშვილმა თავისი დაბრუნებით ენმ-ში გახლეჩვის პროცესი და პარტიის რეიტინგის დაცემა შეაჩერა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სააკაშვილი სოციალურ ქსელში სხვადასხვა განცხადებებს ავრცელებდა. ეხმაურებოდა მთავარი პოლიტიკურ მოვლენებს, გაერთიანებისკენ მოუწოდებდა ოპოზიციას, საუბრობდა ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის უპირატესობაზე და ა.შ.
ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი განცხადება მის მხარდამჭერებში ონლაინ გამოკითხვას ეხებოდა. 21 ივნისს, ოთხშაბათს მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს სთხოვა მიეწერათ მისთვის თავისი მოსაზრებები და კითხვები. პარასკევის, 23 ივნისის შუადღემდე მიღებულ კითხვებს იგი შემდეგი დღეების განმავლობაში გასცემდა პასუხს და ამ ყველაფერს სამშაბათს, 27 ივნისს გამოაქვეყნებდა სოციალურ ქსელში.
სამშაბათს ექსპრეზიდენტის „ფეისბუქ" გვერდზე მსგავსი არაფერი გამოქვეყნებულა და ექსპრეზიდენტსაც არ გაუკეთებია ამ საკითხზე დამატებითი განცხადება.
როგორც საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნების მთავარი შედეგი ენმ-ის რეიტინგის ვარდნის შეჩერებაა.
„დღეს „ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური პარტიაა და ფაქტია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, ეს იყო საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნები, იკავებდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილს. ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო სააკაშვილის ფაქტორით. მისმა, ასე ვთქვათ, ქარიზმატულობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ფაქტია, რომ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკაში
„ბოლო განცხადებების ფონს რაც შეეხება, რადიკალურად არაფერი შეცვლილა და შეიძლება ითქვას, რომ ვერც შეიცვლებოდა, რადგან ახლა არჩევნები არ ტარდება. მაგრამ ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი გრძნობს სააკაშვილის მხარდაჭერას და მას სერიოზულად აღიქვამს.
„ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი ეცემოდა იმის გამო, რომ არსებობდა გარკვეული შიდა დაპირისპირება პარტიაში. სააკაშვილმა, ასე ვთქვათ, ითამაშა გამაერთიანებლის როლი, არა მთელ ოპოზიციურ სპექტრში, არამედ პარტიის შიგნით და ეს მნიშვნელოვანია", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილს სერიოზულად უკვე აღარავინ აღიქვამს და სწორედ ამიტომ მისი განცხადებები აღარ წარმოადგენს რაიმე სერიოზულ ფაქტორს ოპოზიციისთვის.
„როდესაც კაცს თავი ვერ დაუხსნია ციხიდან და ამ დროს ლაპარაკობს აფხაზეთის გათავისუფლებასა და უკრაინის დახმარებაზე, ეს არასერიოზულია. კიდევ ბევრი ფაქტორია.
„მის მცდელობას, რომ ბევრი საკითხი იყოს აქტუალური და რეზონანსული, შედეგი არ ექნება, რადგან ყველა ხვდება, რომ ეს არის განცხადებები განცხადებებისთვის. ის ცდილობს იყოს ყურადღების ცენტრში და მხოლოდ განცხადებები აკეთოს, მეტის არც საშუალება და არც შესაძლებლობა არ გააჩნია.
„ნაციონალურ მოძრაობაში" ყველა ლაპარაკობს სააკაშვილზე, მაგრამ გადაწყვეტილებებს დღეს პარტიაში სხვები ღებულობენ და არა სააკაშვილი. ამიტომ მისი აქტიურობა ჯერჯერობით წყლის ნაყვაა. ხვალ და ზეგ რა იქნება, ვერ გეტყვით", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე