რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს. ვიდეოების ავტორი ვინმე ეკატერინე სტეფანოვა გახლავთ. ვიდეოში ჩანს, რომ ღონისძიებაზე იმყოფებიან საქართველოში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები, სოსო პავლიაშვილთან ერთად „სამშობლოს" მღერიან ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია.
„მადლობა, რომ ჩვენ ყველა ერთად ქართულად ვმღერით! ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩვენ ვიმარჯვებდით, ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ყოველთვის", - ამბობს რუსულ ენაზე პავლიაშვილმა შეკრებილ აუდიტორიას.
ხვიჩა მაღლაკელიძემ დაადასტურა, რომ საღამო მოსკოვში შედგა და მას ქართველი შემსრულებლები ნამდვილად ესწრებოდნენ, თუმცა მისი თქმით, ეს არ ყოფილა კონცერტი, ეს იყო კორპორატიული საღამო, სადაც ერთ-ერთი იქ მცხოვრები ქართველის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
„კონცერტი არ ყოფილა ეს, კორპორატიული საღამო იყო ჩემო კარგო. სამი დღის წინ გაიმართა, ახლა ისევ მოსკოვში ვარ, დღეს მოვფრინავ. კორპორატული საღამო იყო, ასეთზე ვყოფილვარ მილიონზე, სად არ ჩავსულვარ. რა ამბავი ატყდა, რა მოხდა.
დაბადების დღეზე ვიყავი, მაგრამ არ გეტყვით ვისი. ქართველის კაცო, რუსთან რა მინდა, გადააშენეთ. ჩვენი გამოსვლის დრო გვქონდა, მივედით, გამოვედით სცენაზე და წამოვედით სასტუმროში.
მთელი ცხოვრება დავდივარ მოსკოვში, პეტრბურგში, ყაზანში, დაბეჭდილა კიდეც და ჩემი სურათებიც დადებულა, მაგრამ რა პრობლემაა, მე მოვდივარ ქართველებთან", - განაცხადა ხვიჩა მაღლაკელიძემ „ambebi.ge"-სთან და კითხვაზე: რას ეტყოდით იმ ქართველებს, რომლებიც გაბრაზდნენ, ერთი წერდა, ყველაზე მეტად ხვიჩა მაღლაკელიძეზე დამწყდა გულიო, მომღერალი პასუხობს, რომ „მე რამე დავუშავე იმ ადამიანს თუ ამ ჰაერს რატომ ვსუნთქავ? ხშირად მაქვს მართლა ურთიერთობა აქაურ ქართველებთან, არც მინახავს ახალი არაფერი, სადმე რამე დაიწერა? კიდევ კარგი „სამშობლოს" ვმღეროდით და არა „კატიუშას". ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ შინ და გარეთ, ეს ყველაფერი ჩაივლის, ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელად", - დასძინა მომღერალმა „ambebi.ge"-სთან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე