რეზონანსი
(24.06.2023)

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს, მათ შორის აეროდრომი. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც ვიდეომიმართვაში პრიგოჟინი აღნიშნავს, ის ამჟამად როსტოვში, სამხედრო შტაბში იმყოფება.

„ჩვენ შტაბში ვიმყოფებით. დილის 07:30 საათია. ჩვენი კონტროლის ქვეშაა როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი. თვითმფრინავები, რომლებიც საბრძოლოდ მიემართებიან, განრიგის მიხედვით მუშაობენ. სამედიცინო თვითმფრინავები დაფრინავენ. პრობლემები არ არის. ჩვენ კონტროლი დავამყარეთ, რომ საბრძოლო ავიაციამ დარტყმები განახორციელოს არა ჩვენზე, არამედ უკრაინელებზე. მართვის მთავარი შტაბი საშტატო რეჟიმში მუშაობს. არანაირი პრობლემა არ არის, არც ერთი ოფიცერი არ არის მოცდენილი“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალ ვალერი გერასიმოვისგან როსტოვში ჩასვლას და მასთან შეხვედრას ითხოვს. მისი განცხადებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა უკრაინაში დანაკარგების შესახებ ინფორმაციას მალავს.

„ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგულია. მოკლული სამხედროები 3-4-ჯერ მეტია იმაზე, ვიდრე ეს ხელმძღვანელობას დოკუმენტებით მიეწოდება. ხოლო ის, რაც მიეწოდება, არის ათჯერ მეტი, ვიდრე ის, რასაც ტელევიზიით აცხადებენ. დღიური სანიტარული დანაკარგი ზოგიერთ დღეს ათასამდე ადამიანს შეადგენს. ეს მოიცავს მოკლულებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, დაშავებულებს და იმათ, ვინც უარს ამბობს ბრძოლაზე, არა იმიტომ, რომ მათ შეშინდათ, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ – არ აქვთ საბრძოლო მასალები, არ აქვთ მართვა“, – აცხადებს პრიგოჟინი.

სოციალურ ქსელებსა და მედიებში ვრცელდება ინფორმაცია და კადრები, რომ დონის როსტოვში ადმინისტრაციული შენობები ვაგნერელებს ალყაში აქვთ მოქცეული.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ჯავშანტექნიკა, მათ შორის ტანკები, რომელთა ლულებიც ადმინისტრაციული შენობისკენაა მიმართული. ჩანან სამხედროებიც, რომლებიც შენობების გარშემო გადაადგილდებიან და ობიექტს უმიზნებენ. 

როსტოვის გუბერნატორი, ვასილი გოლუბიოვი მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

ამას გარდა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლის ხმა ისმის ვორონეჟის რაიონში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე