ელზა პაპოშვილი
(16.05.2023)

სისხლიანი ანგარიშსწორება ბანკის თანამშრომელზე - ბათუმში „თიბისი ბანკის“ ცენტრალურ ფილიალში ახალგაზრდა მამაკაცმა კრედიტ ოფიცერი ცივი იარაღით დაჭრა. მოტივებზე ოფიციალურად არაფერია ცნობილი, თუმცა, „რეზონანსის“ ინფორმაციით, თავდამსხმელის მეუღლე ამავე ბანკში მუშაობს და სისხლიანი ინციდენტის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

დაჭრილი კრედიტ ოფიცერი კლინიკაში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების თქმით,  მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„დღის 3 საათზე ბანკში ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. მივიდა თანამშრომელთან და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - მუცელსა და ფერდში სამჯერ ჩაარტყა დანა. როგორც ვიცით, ეს არ უკავშირდება მის სამსახურს, მათ შორის დაპირისპირება პირად საკითხზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა კრედიტ ოფიცერი ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა. დაჭრილი ახალგაზდა და თავდამსხმელის მეუღლე თანამშრომლები არიან. დამნაშავე ადგილიდან არ მიმალულა, პოლიციას ბანკშივე ელოდებოდა“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ი.შ., რომელმაც ბანკის თანამშრომელი - 1988 წელს დაბადებული ჯ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება ს/ს კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს და ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე