რეზონანსი
(19.03.2023)

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებზე მუშაობა აუცილებელია.

მისივე თქმით, ეს არ გამორიცხავს აქციების გზასაც, თუ აქციები კოორდინირებულია და ისახავს იმ მიზანს, რაც უკავშირდება ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„შესაბამისად, არავის უთქვამს, რომ ან ერთი უნდა გააკეთონ ოპოზიციურმა ძალებმა, ან მეორე. ორივე გზა შესაძლებელია, თუ ეს საბოლოო ჯამში მიზნამდე მიდის, მაგრამ პარლამენტის წევრების მთავარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ამ შემთხვევაში არის პარლამენტში მუშაობა და სხვა გზებიც, მათ შორის იქნება ეს აქციები, თუ დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან და „ქართული ოცნების" იძულება, აღასრულოს ქართველი ხალხის დაკვეთა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს", - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქიას, აქუბარდიას შეფასებით, ამ შემთხვევაში უფრო პარტიულ დღის წესრიგს ხედავს.

„რაც არ უნდა ისაუბროს ბატონმა ხაბეიშვილმა, ეს აქცია, როგორც პარტიულად, ისე იყო გამოცხადებული. რამდენადაც მაქვს ცნობა, არ იყო კორდინირებული სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, თუ ჯგუფებთან. შესაბამისად, კარგად ვერ გავიგე 12 რეკომენდაციაზე შესრულების იძულებაზე აქციის მოთხოვნა მაშინ, როდესაც ბოიკოტი ჯერ კიდევ ძალაშია „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და თუ კარგად გამარკვევენ მათ შორის იმაში, რომ საუბარია არა პარტიულ დღის წესრიგზე, არამედ ქვეყნის დღის წესრიგზე, რა თქმა უნდა, შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებ. ახლა უფრო პარტიულ დღის წესრიგს ვხედავ, ვიდრე ქვეყნისას", - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე