რეზონანსი
(20.02.2023)

„საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 22 თებერვლისთვის გადაიდო.

დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარემ შუამდგომლობა დააყენა ბრალდებულისთვის ფონოსკოპიური, ოდოროლოგიური ნიმუშების აღება და ფსიქიატრიული ექსპერტიზის აღებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარემ კი დრო ითხოვა შუამდგომლობისთვის პასუხის გასაცემად.

პროკურორ მირანდა წერეთლის განცხადებით, ვინაიდან ბადრი ესებუა ძებნაში იმყოფებოდა, მისგან ხმისა და სუნის ნიმუშების აღება და შესაბამისი ექსპერტიზა ხელახლა უნდა ჩატარდეს.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ შუამდგომლობაზე პასუხის გასაცემად დრო ითხოვა, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროს.

მოსამართლე ეკატერინე ბებიას განცხადებით, ის დაცვის მხარეს არ შეზღუდავდა, რის გამოც, სხდომა გადადო.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა ბადრი ესებუამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მომდვენო სასამართლო სხდომა 22 თებერვალს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს.

ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. ის, ნახევარ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს ან მანქანას ითხოვდა, რათა მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ჰქონოდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცველებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ბადრი ესებუამ სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე