რეზონანსი
(28.01.2023)

ვანო მერაბიშვილი დუმილს არღვევს და ბოლო დროს, ენმ-ში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე მის მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. 

"მინდა გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის.

სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია.

რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი.

უკრაინის გარდა, არც ერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა.

რუსეთი მტერია, უკრაინა გაიმარჯვებს და მასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, საქართველოც გავა სამშვიდობოზე.

სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო!" - წერს ვანო მერაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე