რეზონანსი
(27.01.2023)

ტინი კოქსი სტაჟიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია ნიდერლანდებიდან და მნიშვნელოვანია, რომ მას მხარი დაუჭირა აბსოლუტურმა უმრავლესობამ. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ეს პირველი არ არის მათი მხრიდან. თუ მათ არ აქვთ ვინმეზე კონტროლი და მათი თანამოაზრე არაა, როგორც წესი, ყველა ან რუსეთის აგენტია, ან კაცობრიობის მტერი. ეს არის მათი სიძულვილის ენა და ნარატივი, რომელიც არაერთხელ გვინახავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სტრასბურგის სასამართლოს ყველაზე კორუმპირებულ და კრემლისგან მართულ სასამართლოს უწოდებდნენ.

„სინამდვილეში აქ ყველაზე საინტერესოა მათი დამოკიდებულება ევროპული, ანუ დასავლური ინსტიტუტებისა და ინსტიტუციების მიმართ. არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ასეთი სიძულვილის ენით გამოდიან. გავიხსენოთ, რას ამბობდა სააკაშვილი ევროკავშირზე, რომ ეს არის იმპერია, რომელსაც კოლონიალური მისწრაფებები გააჩნია. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სტრასბურგის სასამართლოს ყველაზე კორუმპირებულ და კრემლისგან მართულ სასამართლოს უწოდებდნენ. გვახსოვს ესეც. გავიხსენოთ ნიკა მელია, რას ამბობდა ამერიკისა და გერმანიის ელჩების მიმართ და ამით კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ როგორც წესი, ეს ადამიანები გამოირჩევიან ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მიმართ სიძულვილის ენით. სინამდვილეში ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ესენი არიან ფსევდო-ევროპელები. ერთადერთი რაც უნდათ, პირადი კეთილდღეობაა და ყველა დასკვნასა და შეფასებას ამის მიხედვით აკეთებენ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე