რეზონანსი
(27.01.2023)

იქ თუ მოძებნით ორ ადამიანს, რომელიც თანამოაზრეა, შეიძლება დავიჯერო რამე წარმატების, - ასე გამოეხმაურა „გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია „ქრონიკასთან" ინტერვიუში 24 თებერვალს, პარლამენტთან სამი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციას.

იაგო ხვიჩიას თქმით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ამ ადამიანებმა 24 თებერვლისთვის უბრალოდ ადგილი დაიბევეს პარლამენტთან, რომ არავინ დაასწროთ.

„მე რომ რაღაცის იმედი მქონდეს და ვთქვა, რომ ეს [გაერთიანება] შეიძლება პერსპექტიული იყოს, უნდა ვიცოდე, რომ ამხელა გაერთიანებაში ორი კაცი მაინც გულწრფელად მეგობრობს, ან გულწრფელი თანამოაზრეა. ამ სამეულში, ვისზეც ვსაუბრობთ, ყველამ ვიცით, რომ ორი ასეთი კაცი არ არის. იქ თუ მოძებნით ორ ადამიანს, რომელიც თანამოაზრეა, შეიძლება დავიჯერო რაიმე წარმატების, მაგრამ რადგან ვიცი, რომ იქ საერთოდ არავის ერთმანეთი არ მოსწონს, არ დგას ეს გაერთიანება არც იდეებზე, არც გულწრფელობაზე, უბრალოდ მგონია ადგილს იკავებენ, რომ 24-სთვის დაბევებული იყოს პარლამენტთან ტერიტორია და ვინმე სხვამ არ დაასწროთ დაანონსება", - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დეპუტატის თქმით, ამ პათოსით იმართება ქვეყანაში რამდენიმე წელია აქციები და მას არანაირი შედეგი არ აქვს, თუმცა რაიმეს შეცვლაზეც არავინ ფიქრობს.

„ასე ხდება რამდენი წელია. იმართება ქვეყანაში აქციები და ვხედავთ, რომ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ არც არაფრის შეცვლა გვინდა. მე რაღაცნაირად მინდა, რომ გამოვიდეთ „ქართული ოცნების" ამ თამაშიდან, რომელიც არის ახლა „ნაცმოძრაობის" დატოვება ძირითად ოპოზიციად. მოგეხსენებათ, ეს მიშას პარტიაა, მაგრამ ვინაიდან მიშა ციხეშია და პარტიას ვეღარ იყენებს ეფექტურად, პარტიას „ქართული ოცნება" დაეპატრონა, შინაარსობრივად და ეს პროცესი მიმდინარეობს. როგორც არ უნდა დამთავრდეს, აქამდე მივა საბოლოო ჯამში. ხოდა „ქართულ ოცნება" დაპატრონებული „ნაცმოძრაობა" რა საჭიროა?!", - აცხადებს ხვიჩია.

24 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ამის შესახებ განცხადება 3 პარტიის: „დროას", „გირჩი-მეტი თავისუფლების", „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გააკეთეს. მოძრაობა თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის ლიდერის, აკია ბარბაქაძის თქმით, იწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რაც საქართველოს დეოკუპაციით დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე