რეზონანსი
(27.01.2023)

მეტროში მგზავრთა ნაკადი ბოლო პერიოდში არსებითად არის გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა "ტურნიკეტები", იქიდან გამომდინარე, რომ გამტარობის პრობლემა ვაგონებს არ აქვთ , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაგონების სისწრაფე და დინამიკა საკმარისია იმისთვის, რომ ნაკადი გაიყვანოს.

გრიგოლიას თქმით, რამდენიმე მეტროსადგურში ჩასასვლელში ხდება საცობი, რადგან არასაკმარისი ტურნიკეტია და მათი რაოდენობის გაზრდა უახლოეს მომავალში იგეგმება.

საკრებულოს წევრის თქმით, შესაძლებელია სპეციალური ამაჩქარებლები დაყენდეს, რაც მგზავრთა ნაკადს ტერიტორიაზე უფრო სწრაფად გაატარებს, მაგალითად, დახრილი ლიფტი, რომელიც დიდ ნაკადს უფრო სწრაფად გადაიყვანს.

"ჩვენ სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად დავიწყეთ იმ ძირითადი პრობლემების მოკვლევა, რომელიც მეტროში გვაქვს. აქამდეც იყო მოკვლევა გაკეთებული, თუმცა მგზავრთა ნაკადი ბოლო პერიოდში არსებითად არის გაზრდილი. რამდენიმე კვირის წინ მილიონი გადაყვანა დაფიქსირდა, რაც რეკორდია თბილისისთვის, მობილობა არის გაზრდილი. რაოდენობრივად მეტი ადამიანი კი არ დადის მეტროთი, ერთი ადამიანი უფრო მეტ მარშრუტს აკეთებს, შესაბამისად, დატვირთვა გაიზარდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტურნიკეტები, იქიდან გამომდინარე, რომ გამტარობის პრობლემა ვაგონებს არ აქვს, ვაგონების სისწრაფე და დინამიკა საკმარისია იმისთვის, რომ ნაკადი გაიყვანოს. პრობლემა გვხვდება „სადგურის მოედანზე", ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელში. რამდენიმე მეტროსადგურში კი ჩასასვლელში ხდება საცობი, იქიდან გამომდინარე, რომ არასაკმარისი ტურნიკეტია. ტურნიკეტების რაოდენობის გაზრდა უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა, დიდი საინჟინრო გადაწყვეტილების გაკეთებისთვის ინვესტიციაა საჭირო. მიმდინარეობს მსჯელობა, რომელი გადაწყვეტა იქნება უფრო სწორი, შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული და სპეციალური ამაჩქარებლები დაყენდეს, რაც მგზავრთა ნაკადს ამ ტერიტორიაზე უფრო სწრაფად გაატარებს. მაგალითად, დახრილი ლიფტი, რომელიც დიდ ნაკადს უფრო სწრაფად გადაიყვანს და ნაკადის პრობლემა მოიხსნება.

გვაქვს სპეციალისტებთან კომუნიკაცია, რათა სწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. თუ შეუძლებელია დახრილი ლიფტების გაკეთება და არ გადაწყვეტს პრობლემას, სხვა საინჟინრო პროექტს მოვიფიქრებთ",- განმარტავს გრიგოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე