რეზონანსი
(22.01.2023)

პოლონეთს შეუძლია შექმნას კოალიცია იმ ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან მიაწოდონ უკრაინას Leopard 2 ტანკები გერმანიის მონაწილეობის გარეშე, თუ შოლცის მთავრობა არ დათანხმდება ამ ჯავშნის გადაცემას - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიიმ განაცხადა.

მედიის ცნობით, მორავეცკიმ "რამშტეინ 8-ის" შეხვედრაზე გერმანიის საქციელი გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი აზრით, მიუღებელი იყო. პოლონეთის მთავრობის მეთაურს არ ესმის, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ბერლინმა „თვალები გაახილოს და გერმანიის პოტენციალის შესაბამისად დაიწყოს მოქმედება".

მან აღნიშნა, რომ გერმანიამ სხვა მოკავშირეებს ხელი არ უნდა შეუკრას.

„თუ გერმანია არ დათანხმდება ლეოპარდების გადაცემას [უკრაინისთვის], მაშინ ჩვენ შევქმნით სახელმწიფოთა უფრო მცირე კოალიციას, რომლებიც მზად არიან გაუზიარონ თავიანთი თანამედროვე ტანკები უკრაინას. ჩვენ არ ვუყურებთ უკრაინაში სისხლისღვრას... უკრაინა და ევროპა მოიგებს ამ ომს - გერმანიასთან ერთად, თუ მის გარეშე. ახლა გერმანიაზეა დამოკიდებული, სურთ თუ არა შეუერთდნენ მისიას და შეაჩერონ რუსული ბარბაროსობა, თუ აირჩიონ, რომ ჩუმად უყურონ და ისტორიაში შევიდნენ, როგორც არასწორ მხარეს მყოფნი", - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

მორავეცკიიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი უარყოფს, რომ გერმანია ბლოკავს გერმანული წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემას, მას სურს მოისმინოს მკაფიო განცხადება, რომ ბერლინი მხარს უჭერს ასეთ გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ იანვრის დასაწყისში ლვოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ ვარშავა მზადაა უკრაინას გადასცეს 14 "ლეოპარდ 2" ტიპის ტანკი მოკავშირეთა ფართო კოალიციის ფარგლებში.

რამშტეინის შეხვედრის შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ჯერ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემას, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადონ „იმ დღისთვის, რომელიც შეიძლება დადგეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე