რეზონანსი
(27.12.2022)

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ელჩების კონფერენციაზე არ დასწრების ფაქტს  ოპოზიციაში ეხმაურებიან.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, ფაქტი, რომ ვიღაცას გათბობის მილთან უნდოდა პრეზიდენტის დასმა, მეტყველებს, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა.

"აქ სალომეზე კი არაა, ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინეს და დაამცირეს ამით, სახალხო დამცველზეც იგივე ხდებოდა, იგივე ხდებოდა სახელმწიფო ინსპექტორზე და საერთოდ გააუქმეს, ეს არის "ქოცური" ბუნება, ის, რომ ვიღაცას გათბობის მილთან უნდოდა პრეზიდენტის დასმა, ეს მეტყველებს იმ ყველაფერზე, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა, რადგან ფორმალური ინსტიტუტები არ იყოს ქვეყანაში. გათბობის მილთან არ უნდა დამჯდარიყო ალბათ, არ ვიცი, დავინახეთ ყველამ რომ სკამი აიღეს და გადადეს კუთხეში," - აცხადებს მანჯგალაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას თქმით, პირადად მისთვის, იმ შემთხვევაში თუ შეხვედრას ესწრება, მნიშვნელობა არ აქვს სად დაჯდება.

"მე არ ვიცი ისეთი ბოიკოტი, სადაც ბოიკოტი არის და არ ამბობენ ამის შესახებ, ამიტომ თუ რამის თქმა უნდა ქალბატონ პრეზიდენტს თვითონ იტყვის, მე რატომ უნდა ვიმარჩიელო. თუ მნიშვნელოვანი იყო მისი იქ ყოფნა, მე ვუყურებ ამ ყველაფერს სულ სხვა პოზიციიდან, ისე როგორც მე სამყაროს ვუყურებ, მე თუ ვესწრები შეხვედრას მნიშვნელობა არ აქვს სად ვზივარ, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი მაგრამ მე ხომ არ ვიცი ვთქვათ პრეზიდენტი როგორ უყურებს ამას და მათ ეტიკეტებში რა წერია," - თქვა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე