რეზონანსი
(27.12.2022)

ხმაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - დღეს რექტორის არჩევნებია. ამ წუთებში კენჭისყრა მიმდინარეობს. არის მხოლოდ ერთი კანდიდატი, ამჟამად რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშია.

"მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად გვიან ღამით საარჩევნო ოთახის შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაცვამ მათ ამის საშუალება არ მისცა. სტუდენტების ნაწილი პროცესს აპროტესტებს და ამბობს, რომ რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა სრული პროფესურა.

"მაისის სტუდენტურ მოძრაობას" უკვე თვეების განმავლობაში აქვს 2 მოთხოვნა. ეს არის რექტორის არჩევის წესის ცვლილება და საერთო საცხოვრებელი სტუდენტებს. საერთო საცხოვრებლის შემთხვევაში უკვე დაიწყო პროცესები და მიმდინარეობს მშენებლობა და ამისთვის თანხების მოძიება, რასაც "მაისის სტუდენტური მოძრაობა" მიესალმება.

რაც შეეხება რექტორის არჩევის წესს, ჩვენ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში გვქონდა ბატონ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა და მივიღეთ პირობა, რომ დაიწყება ამ საკითხზე მუშაობა. თუ შედგა არჩევის წესის ცვლილება უკვე შემდეგი არჩევნები ჩატარდება სრული პროფესორ-მასწავლებლების ჩარევით და არა მხოლოდ აკადემიური საბჭოს წევრების მონაწილეობით," - განაცხადა მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრმა საბა ბულისკერიამ.

აკადემიურ საბჭოში აცხადებენ, რომ ჯაბა სამუშია უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

"პროგრამა, რომელიც წარმოადგინა ბატონმა ჯაბამ ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებას და უნივერსიტეტის კიდევ უფრო განვითარებას. ბატონმა ჯაბამ კარგად იცის რა ხდება უნივერსიტეტში და რა სტკივა უნივერსიტეტს იმიტომ, რომ ის დიდი ხანია აქ მოღვაწეობს. პრობლემები ბევრია. ვფიქრობ, რომ შეძლებს ის ყველასთან  პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებს," - განაცხადა აკადემიური საბჭოს წევრმა მიხეილ ბახტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე