რეზონანსი
(22.12.2022)

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა როგორც „ქართულ ოცნებას", ისე ოპოზიციას ეკისრება.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ საგაზაფხულო სესიისთვის კონსულტაციები მეტად შედეგიანი იქნება.

„სამწუხაროა, რომ ჩავარდა სახალხო დამცველის არჩევის საკითხი და მიმაჩნია, რომ ამაში როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, შესაძლებელი იყო კონსენსუსის მოძებნა და ვწუხვარ, რომ ეს ასე არ მოხდა. მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, ხუთ კანდიდატს დავუჭირე მხარი, მათ შორის, ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებსაც, რომელთა წარმდგენი „ნაციონალური მოძრაობა" თვითონ არ მოვიდა მათ მხარდასაჭერად. მხარი დავუჭირე სხვა კანდიდატებსაც, რომლებზე კონსენსუსის მიღწევაც, ჩემი აზრით, მონდომების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ვერაფერს შევცვლით. მე იმედი მაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკური კონსულტაციები უფრო მეტ შედეგს მოგვცემს და შევჯერდებით სახალხო დამცველის კანდიდატზე.

ვფიქრობ, ყველაზე უპასუხისმგებლო საქციელია, როდესაც წარადგენ კანდიდატს და მერე არ მოდიხარ ხმის მისაცემად. გასაგებია, რომ ფორმალური იქნებოდა, მაგრამ მხარდაჭერის გამოხატვა იყო მნიშვნელოვანი. ასე ჩვენც შეგვეძლო, არ მოვსულიყავით. ვიცოდით, რომ „ქართული ოცნება" ფორმალურად ატარებდა, მაგრამ ის, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახალხო დამცველი აირჩეს, ამას სჭირდება კონკრეტული მოქმედება, მოსვლა და ხმის მიცემა. ძალიან სამწუხაროა ის, რაც გააკეთეს. იმისთვის, რომ ყოფილიყო სივრცე კანდიდატებისთვის, მგონია, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა „ქართულ ოცნებასაც" და ოპოზიციასაც, წითელი ხაზებით საუბარმა კი ეს შედეგი გამოიღო", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე