რეზონანსი
(21.12.2022)

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაითვალისწინა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა თმაზეც და ფრჩხილებზეც, თუმცა საბოლოოდ მათ მაინც უარი განაცხადეს ნიმუშების აღებაზე , - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსმა გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

კაკაშვილის განმარტებით, დაცვის მხარემ ექსპერტიზაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ ექსპერტიზის ბიუროს მიმართ ნდობა არ აქვთ.

„საგამოძიებო ორგანოს მიზანი არის საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება და ყველა კითხვაზე, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობს, ამომწურავი პასუხის გაცემა, რისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.

როდესაც ობიექტურ გამოძიებაზე ვსაუბრობთ, თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ორგანომ გამჭვირვალე გამოძიების უპრეცედენტო მაგალითი აჩვენა.

ჩვენ საქმესთან წვდომის საშუალება მივეცით ბატონი სააკაშვილის ადვოკატებს და მათ მიერ მოწვეულ უცხოელ თუ ქართველ ექსპერტებს, რომელთაც აქვთ სრული შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გაეცნონ ჩვენს მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. არათუ მხოლოდ საქმის მასალებთან წვდომა მივეცით, არამედ მათი ინიციატივით, მათთვის საინტერესო საკითხებზე ექსპერტიზებიც დავნიშნეთ და ასეთ რეჟიმში ვაპირებთ გამოძიების გაგრძელებას.

რაც შეეხება მათ მიერ მოთხოვნილ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული აქვს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი შეკითხვებს არის თუ არა ბატონი სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები და ნივთიერებები, რომელიც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ეს ექსპერტიზა რომ ჩატარდეს აუცილებელია სათანადო ბიოლოგიური ნიმუშების აღება. ჩვენ შევთავაზეთ ბატონ სააკაშვილს სისხლის ნიმუშის აღება, რაზედაც უარი მივიღეთ იმ მოტივით, რომ მათ სურდათ თმაზე და ფრჩხილებზე ექსპერტიზის ჩატარება. ჩვენ ეს მოთხოვნაც დავუკმაყოფილეთ, შევთავაზეთ როგორც სისხლზე, ასევე თმაზე და ფრჩხილის ბიოლოგიურ ნიმუშებზე ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა ადვოკატმა კვლავ შეცვალა პოზიცია და გვითხრა უარი უკვე იმ მოტივით რომ არ აქვთ ნდობა ექსპერტიზის ბიუროს მიმართ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე თვის წინ ბატონი სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნით ამავე საქმეში ჩვენ დავნიშნეთ კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დავუკვეთეთ, თუმცა მაშინ ადვოკატების მხრიდან არანაირი პრეტენზია ან უნდობლობა არ გამოთქმულა.

საგამოძიებო ორგანო არის ღია და გამჭვირვალე ამ პროცესში და გავაკეთებთ ყველაფერს რომ ყველა შეკითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი",- განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე