რეზონანსი
(21.12.2022)

ყველას კარგად ესმის, რომ სინამდვილეში ლობისტების ერთი გუნდი ცდილობს, დაეხმარონ სააკაშვილს, რამენაირად თავი დააღწიოს სამართლიან სასჯელს - ეს არის აშკარა, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ის, რომ უკადრებელს კადრულობს „ნაცმოძრაობა" და ის ადამიანები, ვინც მიზნად დაისახეს სპეცოპერაცია სახელად „მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება" შეასრულონ, და ის, რომ მათ აქვთ სრული ამორალურობა, ხელი მოაწერონ აბსოლუტურად ყველაფერს, ოღონდ ეს მრუდე მისია შეასრულონ, ალბათ არაა სიახლე საზოგადოებისთვის. თუნდაც სააკაშვილის მხრიდან სიმულაციის ამსახველი კადრების გამოქვეყნება ამ ყველაფრის დასტურია. ფაქტია, რომ ქირაობენ ლობისტებს იმისთვის, რომ ავადმყოფობის პროპაგანდა მოახდინონ. იტყუებიან, ვითომ სააკაშვილი მოწამლეს. უნდათ, საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ ისე, რომ დოკუმენტებში ამაზე არაფერია ნათქვამი. გაიხსენეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც „ემპათია" იყენებდა ტრაგიკულ მოვლენებს ხელისუფლებაზე კონკრეტული დარტყმისთვის იყენებდა. ისინი პირდაპირ იტყუებიან და ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლეს, არადა ამის შესახებ ინფორმაციას დოკუმენტები არ შეიცავს. შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ მათ სურთ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ტყუილში ამყოფონ საზოგადოება, რათა რამენაირად შეძლონ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა. სამწუხაროა, რომ ლობიზმი მუშაობს, მაგრამ სიმართლე მაინც ირკვევა და საბოლოო ჯამში სააშკარაოზე გამოდის. ამიტომ ის, რაც რეზოლუციებში ჩაიწერა, იყო ბოლო წამს შეტანილი, შეთითხნილი დეზინფორმაცია. როდესაც თავად სვენ მიქსერი არ უჭერს რეზოლუციას მხარს, ხომ აშკარაა, რამხელა დოზით იმოქმედა ნეგატიურმა ლობიზმმა იმისთვის, რომ პატიმარი სააკაშვილი, სასტიკი სისტემის შემოქმედი, პოლიტპატიმრად გამოეყვანათ რეზოლუციაში, ხოლო ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი შესწირა ქვეყანას და განერიდა პოლიტიკას, ის რამენაირად ოლიგარქად მონათლულიყო. სწორედ ამიტომ არ დაუჭირა დოკუმენტს მხარი სვენ მიქსერმა. ყველას კარგად ესმის, რომ სინამდვილეში ლობისტების ერთი გუნდი ცდილობს, დაეხმარონ სააკაშვილს, რამენაირად თავი დააღწიოს სამართლიან სასჯელს - ეს არის აშკარა", - აცხადებს მათიკაშვილი.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ განცხადებები მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად, სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ორგანიზმში არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე