რეზონანსი
(21.12.2022)

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებები მმართველ პარტიაში შეაფასეს.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, უკრაინული მხარის მოწოდებებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ აქვს კონკრეტული საფუძველი. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია და ის უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სერვისით.

"მოწოდებები ნამდვილად არ ეფუძნება არგუმენტებს, არამედ მხოლოდ სპეკულაციურ ხასიათს შეიცავს. რაც შეეხება სპეკულირების თემას, ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ ნახა ისეთი მოწოდებები, მათ შორის, უკრაინელი გარკვეული ჩინოსნების მხრიდან, რომ ფაქტობრივად გვამების ჩანაცვლებისა და ომში ჩართულობისკენ იყო ეს ყველაფერი მოწოდებული, მაგრამ ჩვენ ამაზე ცხადია შეფასება არ გაგვიკეთებია, როგორც ეს შეიძლება საჭიროც კი იყო, ვინაიდან ვუფრთხილდებით იმ ფაქტს, რომ ეს ქვეყანა არის ომში და ომი თითოეულ ჩვენგან ძალიან გვადარდებს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს ყველაზე ობიექტურად განსჯის," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა, ომში თბილისის ჩართვის მიზნით უკრაინის სპეცოპერაცია იყო - უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას," - წერს ოლეგ ნიკოლენკო.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემით, რათა ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს და დააკმაყოფილოს სასჯელის გადავადების მოთხოვნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე