რეზონანსი
(30.11.2022)

გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა. 30 ნოემბერს გერმანულმა ბუნდესტაგმა შესაბამის რეზოლუციას ხმა მისცა.

რეზოლუცია, რომელიც ჰოლოდომორს გენოციდად აღიარებს, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის", „მწვანეების", „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის", ისევე როგორც ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული" კავშირის დეპუტატების მიერ იყო მომზადებული.

"შიმშილისგან და რეპრესიებისგან მთელი უკრაინა დაზარალდა, არა მხოლოდ მისი მარცვლეული მწარმოებელი რეგიონები. დღევანდელი თვალსაზრისით, როგორც გენოციდის ისტორიულ-პოლიტიკური კლასიფიკაცია აშკარაა. გერმანული ბუნდესტაგი ასეთ კლასიფიკაციას იზიარებს", - წერია დოკუმენტში.

რეზოლუცია აღნიშნავს, რომ იძულებითი შიმშილი "უკრაინული ეროვნული შეგნების პოლიტიკურად ჩახშობისკენ" იყო მიმართული. შიმშილისგან მასობრივი სიკვდილები წარმოადგენდა არა ცუდი მოსავლის შედეგს, არამედ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას იოსებ სტალინის მეთაურობით.

"ასე რომ, ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია", - წერია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიის მთავრობა უნდა ეწინააღმდეგებოდეს "რუსული ცალმხრივი ისტორიული ნარატივების გავრცელების ნებისმიერ მცდელობებს".

ჰოლოდომორს გენოციდად მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო აღიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე