რეზონანსი
(23.11.2022)

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 36 ადამიანი დაიბრუნა, მათ შორის მარიუპოლის დამცველები, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი "ტელეგრამის" პირად გვერდზე ავრცელებს.

"ტყვეთა მორიგი გაცვლა მოხდა. 36 ადამიანი დავაბრუნეთ სახლში - ერთი სამოქალაქო პირი და 35 სამხედრო", - წერს ერმაკი.

როგორც ერმაკმა აღნიშნა, გათავისუფლებულთა შორის სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ და "აზოვსტალში" იყვნენ, ასევე ეროვნული გვარდიელები, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში ტყვედ ჩავარდნენ.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულ სამხედროებს შორის 22 ეროვნული გვარდიელია, 8 მესაზღვრეა, 4 სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლია და ერთი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეა.

"ჩვენ ვახერხებთ სახლში დავაბრუნოთ ისინი, ვინც ტყვეობაში ომის 8 თვე გაატარეს. ქალაქ სლავუტიჩში არის ბილბორდი, რომელზეც წერია, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცველებს სახლში ელიან. ისინი ბრუნდებიან და არა მხოლოდ ისინი", - წერს ერმაკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე