რეზონანსი
(02.11.2022)

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ უკრაინასთან დადებულ შეთანხმებას უბრუნდება. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე, იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

კონოშენკოვის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე რუსეთმა უკრაინისგან წერილობითი გარანტიები მიიღო, რომ "მარცვლეულის დერეფანს" საბრძოლო მოქმედებებისთვის არ გამოიყენებს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს შესაძლებელი გახდა გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით.

"შევძელით, უკრაინის მხრიდან მიგვეღო აუცილებელი წერილობითი გარანტიები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ჰუმანიტარული დერეფნისა და რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად უკრაინის პორტების გამოუყენებლობის შესახებ. რუსეთის ფედერაციას მიაჩნია, რომ ამ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისია და განვაახლებთ შეთანხმების შესრულებას", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ თურქ კოლეგას ესაუბრა და აცნობა, რომ მარვვლეულის ტრანსპორტირება დღეიდან გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე