"ახლა შემოყვანილი უცხოელები შემდგომში აქვე დაიდებენ ბინას, შექმნიან ოჯახებს და სწრაფად გამრავლდებიან"
გვანცა წულაია
(19.10.2022)

მუშახელის დეფიციტის გამო, ბიზნესი კადრების ჩამოყვანა უხცოეთიდან აპირებს და ეს პროცესი უკვე დაწყებულიცაა. უკვე ძნელად მოიძებნება სფერო, სადაც პრობლემა მწვავედ არ დგას. სპეციალისტები ამბობენ, რომ უცხოელების საქართველოში შემოყვანა ისედაც მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას, კიდევ უფრო გაამწვავებს და გარკვეული დროის შემდეგ უდიდეს პრობლემას მოუტანს ქვეყანას.

საქართველოში ბოლო ორ წელიწადში იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე დაიბადა. მართალია, სავალალო სტატისტიკა დიდწილად პანდემიას უკავშირდება, თუმცა საქართველოში 2020 წლამდეც, ბუნებრივი მატება 3-4 ათასს არ ასცილებია. ეს კი ძალიან ცუდი შედეგია.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2020 წელს საქართველოში 46 520 ადამიანი დაიბადა. ამავე წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 537 შეადგინა. გასულ 2021 წელს კი, ქვეყანაში 45 946 ადამიანი დაიბადა და 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, ამ ორი წლის სტატისტიკური მონაცემებიდან დგინდება, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოში ბუნებრივი მატება არ ყოფილა, ანუ ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

2016 წლის შემდეგ მოყოლებული, ოფიციალური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ამ წელს ბუნებრივმა მატებამ 5 798 ადამიანი შეადგინა, 2017 წელს - 5 471, 2018 წელს - 4 614, ხოლო 2019 წელს - 1 637. გამოდის, რომ პანდემიის წლების გამოკლებითაც, საქართველოში ბუნებივი მატება წლიდან-წლამდე საგრძნობლად მცირდებოდა.

არსებული ვითარება შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს, რადგან ადგილობრივი ბიზნესი, მუშახელის დეფიციტის გამო, უცხოელების ჩამოყვანას და აქ დასაქმებას გეგმავს.

სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს სპეციალისტი, სოფლის მეურნების მეცნიერებათა დოქტორი ანზორ მესხიშვილი და აცხადებს, რომ უცხოელები, საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ, აქვე დაიდებენ ბინას, შექმნიან ოჯახებს და გამრავლდებიან.

"დემოგრაფიულად ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ქართველების შობადობა შემცირებულია და სიკვდილიანობა - გაზრდილი. გაეროს ოფიციალური მონაცემებით, 2050 წელს ქართველები ვიქნებით უმცირესობაში სხვა ერებთან შედარებით. ასეთი მდგომარეობა გველის წინ, ამიტომ ახლა უცხოელების ჩამოყვანაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ქართველი ახალგაზრდები და კვალიციფიური მუშახელი სამუშაოდ ქვეყნიდან არ წავიდეს.

კიდევ უცხოელების ჩამოყვანა გვინდა, ისედაც იმდენი რუსი ჩამოვიდა. ზოგი მათგანი ხელოსანია, ზოგიც დურგალია ან შემდუღებელია. ისინი უკვე ეძებენ სამსახურს და მშენებლობებზე იმ ქართველების ადგილს იკავებენ, რომლებიც უცხოეთში გაიქცნენ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა გვექმნება.

ახლა შემოყვანილი უცხოელები შემდგომში აქვე დაიდებენ ბინას, შექმნიან ოჯახებს და გამრავლდებიან. ბაზალეთის ტბაზე 200 ჰექტარი გამოუყვეს არაბებს ქალაქის ასაშენებლად და კასპის რაიონში, გიორგი სააკაძის სოფელთან, გამოყვეს მიწის ნაკევთი არაბებისთვის და ეგვიპტელებისთვის სოფლის გასაშენებლად. ქართული მიწები, სამწუხაროდ, იყიდება. როცა ქართველები სისხლით ვიცავდით ჩვენს მიწებს, ახლა ერთი ხელმოწერით იყიდება”, - განაცხადა ანზორ მესხიშვილმა "რეზონანსთან”.

ქართული ბიზნესი კადრების დეფიციტზე გამუდმებით საუბრობს. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძის აზრით, რეგიონში არსებული რთული და დაძაბული პოლიტიკური გარემოს ფონზე საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც მას უფრო მეტად მოთხოვნადს ხდის უცხოელი სამუშაო ძალის მხრიდან. ეს კი, თავის მხრივ, ბიზნესს კადრების დეფიციტის შეჩერებაში დაეხმარება.

„საქართველო ამ მომენტისთვის გადაიქცა შვეიცარიის მოდელად. ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველგან საცეცხლე წერტილებია, ხოლო საქართველო არის ერთგვარი თავშესაფარი. შესაბამისად, შემიძლია გითხრათ, რომ უცხოელი თანამშრომლების ჩამოყვანის ტენდენციის შეჩერება გამორიცხულია და ის აუცილებლად გაგრძელდება. რამდენიმე ხანში საქართველოში თითქმის ყველა სფერო კადრების დეფიციტის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. ამ დანაკლისის შევსება კი შესაბამისად, უცხოეთიდან შემოსული სამუშაო ძალით მოხდება“, - უთხრა შოთა ბურჯანაძემ "ბიზნეს პალიტრას”.

სხვადასხვა ქვეყნებიდან კადრების ჩამოყვანაზე საუბრობენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ბიზნესი ძალიან დიდ ნაკადს მიიღებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენზე დაბალია ცხოვრების დონე და ხელფასი.

„ალბათ ეს იქნება გრძელვადიანი თავის ტკივილი, რომელსაც დღესვე რამე უნდა მოვუფიქროთ და ვუშველოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ძალიან დიდ ნაკადს იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენზე დაბალია ცხოვრების დონე და ხელფასი. თუ შემოვა სამუშაო ძალა, ასეთი ქვეყნებიდან შემოვა, თორემ დასავლეთ ევროპიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, საქართველოში სამუშაოდ არავინ ჩამოვა. შედეგად, მივიღებთ სამუშაო ძალის ჩანაცვლებას. ეს პროცესი გარდაუვალი იქნება, თუკი ადგილზე არ იქნება სამუშაო ძალა, რომელიც დეფიციტს ამოავსებს," - განაცხადა ვეფხვაძემ.

რეალურად, კადრების პრობლემა ორმხრივია. ბიზნესი თანამშრომლებს გამუდმებით ითხოვს, მაგრამ ხელფასს ვერ ზრდის. ხალხს ანაზღაურება ეცოტავება, მაგრამ, როგორც კერძო სექტორი ამბობს, მათ კვალიფიკაცია არ უვარგა.

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე ამბობს, რომ ქართველები ვერ პოულობენ სრულყოფილ სამსახურს, რომლითაც შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზებას, ამიტომაა ქვეყნიდან ქართველების გადინება.

"საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები ისედაც გვაქვს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ შობადობის მხრივ. ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ქართველების უცხოეთში გადინება, რომელიც დღითი დღე უფრო იზრდება. განსაკუთრებით ახალგაზრდების ხარჯზე, რადგან ისინი ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავენ. ვერ პოულობენ სრულყოფილ სამსახურს, ისეთ სამსახურს, რომლითაც შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზებას.

პანდემიურ პერიოდში ძალიან ბევრი ბიზნესი გაკოტრდა, დაიხურა. ამანაც გამოიწვია ის პრობლემა, რომელიც დღეს აქვს ბიზნესს. კადრების გადინების შედეგად, ფაქტობრივად, ქვეყანაში აღარ დარჩა შრომისუნარიანი ნაწილი, რომელიც დასაქმდება იმ სპეციალობაზე, რომელზეც არის მოთხოვნა.

თუ ბიზნესი საუბრობს იმაზე, რომ უნდა მოხდეს უცხოეთიდან კადრების ჩამოყვანა, არასწორია. თუ აქვთ იმის საშუალება, რომ უცხოეთიდან აქ ჩამოსულმა ადამიანმა აქ ბინის ქირაც იხადოს, ფულიც დარჩეს და თავის ქვეყანაში სოლიდური თანხით დაბრუნდეს ან ოჯახს გაუგზავნოს, მაშინ, ის თანხა ქართველს გადაუხადონ, რომლებიც დღეს იმის გამო არ მუშაობენ, რომ ხელფასი არ აკმაყოფილებთ.

ჩვენ არ უნდა ვიყოთ ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულზე ჩამოკიდებული. ქვეყანაში უნდა გაიხსნას ფაბრიკა-ქარხნები. ეროვნულ წარმოებებს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი. უნდა გავხდეთ მწარმოებელი ქვეყანა. სამწუხაროდ და საუბედუროდ, სახელმწიფოს ამაზე ორიენტირი აღებული არ აქვს. ახლაც წარმატებით მიმდინარეობს სააკაშვილის მიერ დაანონსებული სინგაპურიზაცია, რომელიც გულისხმობს სასტუმრო-სამშენებლო და მსგავსი ტიპის ბიზნესის გაფურჩქვნას, ხოლო ფაბრიკა-ქარხნებზე საუბარი არც არის”, - განაცხადა "რეზონანათან” ზვიად ტომარაძემ.

საქართველოში კადრების დეფიციტის საკითხი უკვე სამთავრობო დონეზეც დაისვა. რამდენიმე ხნის წინ მთავრობის წევრები ქართულ ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც მუშახელის პრობლემაც განიხილეს. ტომარაძის აზრით, ერთი ასეი შეხვედრით პრობლემა ვერ მოგვარდება.

"არა მგონია, ეს პრობლემა მოგვარდეს, რადგან გაცხადებული მიზანი, რაც არიხ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ისიც არ კეთდება და აქ მიზანიც კი არ არის გაცხადებული. კომპლექსური მიდგომაა საჭირო. სახელმწიფოს მეთაურებმა ნამდვილად იციან რაშია გამოსავალი, თუმცა ამაზე არც კი საუბრობენ”, - აღნიშნა "რეზონანსთან” საუბრისას ზვიად ტომარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე