რეზონანსი
(13.10.2022)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გასვიანმა და მისმა ცოლმა მარტოხელა დედას შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ კაფეში ძაღლით იყო შესული. როგორც ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი წერს, ქალი მდგომარეობიდან გამოვიდა, რის გამოც მან თვითმკვლელობაც სცადა. აღნიშნულ ფაქტს „ფეისბუქზე“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გიორგი გასვიანს საქმეზე ოფიციალური კომენტარის გაკეთება მოუწია.

რა თქმა უნდა, ტელეწამყვანმა აღნიშნული ბრალდება უარყო და თქვა, რომ სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა და იმ მარტოხელა დედამ მასზე, მის ცოლსა და 6 თვის ბავშვზე ფიზიკურად იძალადა. ამის ამსახველი ვიდეო ფაქტი მაკა რაზმაძემ საზოგადოებას კომენტარებში გაუზიარა.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ კაფეში მყოფ მარტოხელა დედას, იმიტომ რომ ის შესული იყო ძაღლით. მოითხოვდნენ ცხოველის მოშორებას, რისი უფლებაც არ ჰქონდათ.  ამას შეეწინააღმდეგა პატრონი და მიაყენეს მორალური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც აღელვებული ქალი მიიყვანეს თვითმკვლელობის მცდელობამდე და აღმოჩნდა საავადმყოფოში. ამის დამადასტურებელი ცნობა არსებობს. 

ხვალ იმართება სასამართლო პროცესი, რასაც გვერდი აქტიურად მივადევნებთ თვალს. იმავდროულად როგორც ორგანიზაცია ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით, ვთავაზობთ დაზარალებულ ქალს იურიდიულ მხარდაჭერას. არავის შერჩება ცხოველზე და ადამიანზე ძალადობა, რაც არ უნდა ,,ცნობადი" იყოს საზოგადოებაში!“, - წერდა „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“.

სწორედ აღნიშნული პოსტის შემდეგ, ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა თავის „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ეს ჯგუფი გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს და მოითხოვდა, ადმინისტრატორთან დაკავშირებას.

„ჩემზე და ჩემს მეუღლეზე აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და ეს ჯგუფი გადაუმოწმებლად ავრცელებს ამ ინფორმაციას! დამაკავშირეთ გვერდის ადმინთან. მოვითხოვ, წაშალოთ ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი! საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ასევე 6 თვის ჩვილზე, რომელსაც ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს! 

ძალადობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 126-ე მუხლით. არსებობს ვიდეო მტკიციბულებები და უტყუარი ფაქტები. მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლო პროცესები! ნუ უსწრებთ მოვლენებს წინ! არასწორი ინფორმაციის გავცრელების გამო მოვთხოვთ პასუხს ყველა გვერდს! განცხადებასაც გავაკეთებთ!“, - წერს გიორგი გასვიანი.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე