რეზონანსი
(11.10.2022)

9 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, ლაშა გოგიაშვილს მომღერლები და ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ემოციურად ემშვიდობებიან. ლაშა თავადაც მღეროდა, იყო ანსამბლ "ლაშარის" წევრი.

მომღერალი ბექა ჩხაიძე მეგობარს იხსენებს:

„მკვდარი ვარ, გული ჩამწყდარი მაქვს, ისეთი საყვარელი კაცი აღარ არის ამქვეყნად. ქართველებს ხომ სენი გვაქვს, კაცი რომ გარდაიცვლება, მერე ვიწყებთ მის ქება-დიდებას. ლაშა ის გამონაკლისია, რომელსაც არ ეკუთვნის ის, რომ გარდაცვალების შემდეგ უწევს ქება-დიდება.

ეტყობა ასეთი ბედი იყო: ამ ბოლო დროს, რვა საათზე რომ დავიწყებდით, დილის შვიდ საათამდე ვქეიფობდით. ლაშა თვითონ მეუბნებოდა, ეს ახალგაზრდობაში არ გვიქნია და ამ სიბერეში რა გვჭირს, თავზე რომ ვითენებთო? დილით გაიქცეოდა თერჯოლაში. გადამკვდარი იყო იქაურობას, ისეთი პასუხისმგებლობით ასრულებდა თავის საქმეს. 

ყველას გული მოგვიხარშა, მისმა ასე მოულოდნელად გარდაცვალებამ. მოტოციკლეტის გაზმა რომ გაუჭედა და ტრაილერს შეასკდა, თავისი ფეხით მისულა საავადმყოფოში. თურმე ამბობდა, მხოლოდ ხელი მაქვს საოპერაციოო" - განუცხადა "პრამტაიმს" ბექა ჩხაიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრი, 42 წლის ლაშა გოგიაშვილი, თერჯოლის მერის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორედ აირჩიეს.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე