რეზონანსი
(10.10.2022)

ევროკავშირი კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის საშინელ თავდასხმებს გმობს და აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია.

„მშვიდობიანი მოქალაქეების რაკეტების სეტყვის მიზანში ამოღება სიტუაციის შემდგომი ესკალაციაა. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ამ საზარელ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.

პიტერ სტანოს შეკითხვა დაუსვეს ბელარუსსა და რუსეთს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებითაც, რომელიც ბელარუსის დასავლეთ საზღვარზე რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო ჯგუფის განთავსებას ითვალისწინებს, ევროკომისიის პრესსპიკერმა მინსკი გააფრთხილა, რომ მოსკოვისთვის უკრაინაში დახმარების აღმოჩენისგან თავი შეიკავოს.

„არ ვიცით დეტალები ერთობლივი განლაგების შესახებ, მაგრამ თუ ეს განხორციელდება, ეს იქნება უკანონო ომის კიდევ ერთი ესკალაცია", - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ბელარუსის ქმედებები ევროკავშირის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე