მუშახელი იმდენად დეფიციტურია, რომ ქვეყანაში შემოსული მიგრანტები მალე ადგილობრივებს ჩაენაცვლებიან
გვანცა წულაია
(05.10.2022)

საქართველოში კადრების დეფიციტის საკითხი უკვე სამთავრობო დონეზეც დაისვა. ქართულ ბიზნესს გამუდმებით მუშახელის პრობლემა აქვს, თუმცა კვალიფიკაციასთან ერთად, ანაზღაურებაც სათანადო არ არის. გამოდის, რომ კერძო სექტორი კადრებს ითხოვს, მაგრამ ხელფასს ვერ ზრდის. ხალხს ანაზღაურება ეცოტავება, მაგრამ შრომითი უნარები არ უვარგა. ამ ორმხრივ პრობლემას კი მალე შესაძლოა, ახალი საფრთხე დაემატოს, რაც საქათველოში მასშტაბურ მიგრაციას უკავშირდება. ომს გამოქცეულმა რუსებმა და უკრაინელებმა, თუკი აქ დიდი სნით დარჩებიან, შესაძლოა, სამსახურის ძებნა დაიწყონ და ამით ადგილობრივი კადრები შეცვალონ.

საქართველოში თითქოს სამსახურს ბევრი ეძებს, მაგრამ ამ დროს ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია და დასაქმება პრობლემაა. ახლა ბიზნესისთვის ვითარება იმდენად მწვავედ დგას, რომ კერძო სექტორმა საკითხი მთავრობასთან განიხილა. შეხვედრაზე, რომელიც ორიოდე დღის წინ მთავრობასა და ბიზნეს შორის შედგა, კერძო სექტორმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს კვალიფიციური სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტია. 

„ბიზნეს ასოციაციის მოსაზრება იყო, რომ დღეს საკმარისი მუშახელი არ არის, მათ შორის კვალიფიციური კადრები. საუბარია იმაზე, რომ დასაქმებულთა უნარები უნდა გაიზარდოს და ეს როგორ მოხდეს, სწორედ ამაზე ვმსჯელობთ. ჩვენ კერძო სექტორთან მუდმივი დიალოგი და კომუნიკაცია გვაქვს. სამინისტრო მშენებლობის მიმართულებით პოლიტიკას აყალიბებს, მუდმივი კავშირი და კომუნიკაცია გვაქვს. საქართველოდან წასული მოქალაქეები, რომლებმაც კვალიფიკაცია იგივე სამშენებლო სექტორში სხვადასხვა ქვეყანაში შეიძინეს, დღეს ბრუნდებიან იმიტომ, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ამ დარგში ხელფასები. თუმცა, ჩვენ პრობლემებს თვალს ვუსწორებთ, რომელიც ბევრია.

კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ჩვენი ბიზნესი წლებია განიცდის და საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ეს არის. სწორედ ამიტომ, განათლების კომპლექსურ რეფორმას, რომელიც ქვეყანაში დაიწყო, ძალიან დიდი აქცენტი აქვს პროფესიულ განათლებისა და უფრო პრაქტიკული უნარების განვითარებისკენ მიმართული, რაც კერძო სექტორს სჭირდება”, - განაცხადა ეკონომიკის მინიტრმა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კიდევ გაიმართება, რომელზეც სამუშაო ძალის ნაკლებობაზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.

ბოლო პერიოდის არსებული სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს პრობლემის სიმწვავე. ქვეყანაში უამრავი სამუშაო ადგილია და ბიზნესი კადრებს გამუდმებით ეძებს, მაგრამ დასაქმება ისეთი მასობრივი არ არის და არც ვაკანსიების ოდენობას შეესაბამება. მაგალითად, ჯერ მარტო 2022 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით "ჯობს.გე"-ზე 39 984 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მარტ-აგვისტოში ჯამში 11 757 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 64%-ით არის გაზრდილი.

ეკონომისტი, სამშენებლო კომპანია "ზუკაკუ”-ს დამფუძნებელი ზურაბ კუკულაძე ამბობს, რომ კადრების დეფიტის, პირველ რიგში, განათლების სისტემა იწვევს, რომელიც პროფესიონალ კადრებს არ უშვებს და შემდეგ უკვე ქართველების მასობრივი მიგრაციაც.

"პირველ რიგში, ქვეყანაში დეფიტიცი აშკარაა იმიტომ, რომ ჩვენთან განათლების სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სწავლის ხარისხზე კი არ ვსაუბრობ, არამედ იმაზე, რომ პრიორიტეტები არის არასწორად გადანაწილებული. ქართულ სასწავლებლებში პროფესიული განათლება მიმართული არის, ძირითადად, ჰუმანიტარული მეცნიერების მიცემაზე და რეალურად, პროფესიული განათლება, რაც ითვალისწინებს პირობითადად კარგი ხელოსნის გაზრდას, ნულს ქვევითაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი განათლების სისტემა, რომ არ ჩავთვალოთ ჰუმანიტარული და საფინანსო მიმართულებები, პრაქტიკულად, პროფესიონალ კადრებს არ უშვებს.

ამას ძალიან მძლავრი ხელშეწყობა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან პროფესიული განათლების პროგრამები იყოს ხელმისაწვდომი და ამავე დროს მისი პოპულარიზაციაც უნდა მოხდეს. 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ყველას უნდა, რომ იურისტი, ჟურნალისტი გახდეს ან ისეთ სფეროებს მიმართოს, რომელიც პოპულალური და გადატვირთულია.

კიდევ უფრო დიდი პრობლემა, რაც ბოლო პერიოდში დადგა, არის მასობრივი მიგრაცია. ვისაც კი ელემენტარულად რამე შესაძლებლობა ჰქონდა, ყველა წავიდა ქვეყნიდან, რადგან აქ ანაზღაურება არ არის შესაბამისი და კონკურენტული ევროპულ ქვეყნებთან მიმართებით”, - განაცხადა "რეზონანსთან” კუკულაძემ.

რაც შეეხება ადგილობრივი მუშახელის შესაძლო ჩანაცვლებას, ეს უკვე საფრთხედ იქცა. ქვეყანაში მიგრანტთა ნაკადი არ წყდება. თუკი ასეთი ვითარება მომავალში გაგრძელდება, მიგრაცია უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და გამოქცეულები საქართველოში დიდი ხნით იცხოვრებენ, შესაძლოა, სულ მალე აქ დასაქმებაც მოინდომონ.

ზურაბ კუკულაძე ამბობს, რომ საქართველოში შემოსული რუსები ჯერჯერობით ადგილობრივ მუშახელს ვერ შეცვლიან, თუმცა გარკვეული ეტაპის შემდეგ მათ ნამდვილად დაუდგებათ მუშაობას აუცილებლობა.

"რაც შეეხება საქართველოში მიგრირებულებს, ძირითადად რუსებზე ვასაუბრობთ, ჯერჯერობით არა მგონია, რომ მსგავსი საკითხი მწვავედ დადგეს და მათ ქართველი მუშახელი შეცვალონ საქართველოში. ჩვენი კადრების კი გარბიან ქვეყნიდან და წარმოიდგინეთ, უცხოელებისთვისთვის რამდენად მიუღებელია დაბალ ანაზრაურებაზე მუშაობა. ამიტომ, ვერ ვხედავ იმ საფრთხეს, რომ ისინი ქართველ მუშახელს სამსახურს წაართმევენ, თუმცა შეიძლება დადგეს ეს საკითხით, თუ პრობლემა მიიღებს მასშტაბურ სახეს და რუსები საქართველოში მასობრივად შემოვლენ, რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეთ, გარკვეული ეტაპის შემდეგ დაუდგებათ საქმიანობის საჭიროება”, - თქვა ზურაბ კუკულაძემ "რეზონანსთან”.

მან ასევე მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ არაკვალიფიციურ კადრებს თვეში 2400-ლარიანი სამსახური შეთავაზა და უარი მიიღო.

"ვერც მე ვპოულობ პროფესიონალ კადრებს და თუ ვიპოვი, მათი მომსახურება დღითი დღე ძვირდება. თუ ადრე მომსახურება ღირდა პირობითად "იქს” თანხა, ახლა ღირს 2 "იქსი", ანუ მომსახურების ფასი 100%-ით არის გაზრდილი და ამ ანაზღარურებაზეც კი ვერ ვშოულობთ ხალხს.

მაგალითად, გუშინ გორის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივებს შევთავაზე თვეში 2400-ლარიანი ანაზღაურება და ყველასგან ცივი უარი მივიღე. თან არ ვთხოვდი არანაირ კვალიფიკაციას და გამოცდილებას, უბრალოდ, ფიზიკური შრომის გამო შემეძლო ამ ხელფასის გაცემა. არაკვალიფიციური ხალხი ამბობს 2400-ლარიან სამუშაოზე უარს და კვალიციფიური ხომ წარმოგიდგენიათ?!”, - დასძინა "რეზონანთან” კუკულაძემ.

გამოდის, რომ პრობლემა კომპლექსურია და მის მოგვარებასაც წლები დასჭირდება. საკითხთან დაკავსირებით საკუთარი მოსაზრება გამოხატა ეკონომისტმა სოსო სიმონიშვილმაც.

"ჩვენ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკა არ ავაშენეთ. განა ვერ ავაშენეთ, არამედ არც კი ვიცით, რა არის საბაზრო ეკონომიკა. სხვა ქვეყნებში საწარმო, რომელიც მე-16 საუკუნეში გაიხსნა, დღესაც მუშაობს და იგივე საქმეს აკეთებს, რასაც გახსნის დროს. აქ კიდევ ეს ასე არ არის, ჩვენ არაფერს არ ვუშვებთ.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, თუკი რამე წარმოება არსებობდა, ყველაფერი მოვსპეთ. წარმოებას რას ვერჩოდით, ჩვეულებრივი ქარხანა იყო, ჩვეულებრივი დანადგარები იდგა. ეს ყველაფერი ჯართვის ნაცვლად, გავყიდეთ, მოსპეთ და ახლა გვინდა რაღაც დარგის საწარმო თავიდან გავხსნათ, ავამუშაოთ და ვფიქრობთ, რომ სპეციალისტები არ გვყავს, საიდან ეყოლებათ, როცა ყველაფერი დაინგრა?”, - აღნიშნა "რეზონანსთან” სოსო სიმონიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე