მიგრანტების ახალმა ნაკადმა დიდი ეჭვი გააჩინა, რადგან ისინი ხელმოკლე ადამიანები არიან
ქეთო გოგოხია
(04.10.2022)

ბოლო 2 კვირაში უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება  მკვეთრად შეიცვალა. რუს დამქირავებლებს ბინების მესაკუთრეები და  სექტორის წარმომადგენლები უკვე სერიოზულ საფრთხედ აღიქვამენ და მაქსიმალურად ერიდებიან მათთან საქმის დაჭერას. მობილიზაციის შემდეგ ქვეყანაში შემოსული მიგრანტების ნაკადებს, ძირითადად, წარმოადგენენ დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები, რომლებიც ომს გამოექცნენ. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ  ხანგრძლივად დარჩნენ სხვა ქვეყანაში და მაღალი ქირა უპრობლემოდ გადაიხადონ. ეს ჩანს თუნდაც იმითაც, რომ გარეუბნებში ქირაზე მოთხოვნა იზრდება და მომხმარებლების უმეტეს ნაწილს სწორედ რუსეთიდან გამოქცეული ხალხი შეადგენს.

უძრავი ქონების სფეროს იურისტის უჩა ზაქაშვილის განცხადებით, ომისგან თავის დაღწევის მიზნით შემოსული რუსეთის მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა საეჭვოა, ამიტომ აუცილებლად არის ზომები მისაღები. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ პოლიციური გამოსახლება უნდა დაუშვას, ბინების  მფლობელებსაც მოუწევთ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. იურისტის რეკომენდაციაა, უძრავი ქონება რუსებზე არ გაქირავდეს დასაქმების ცნობის წარდგენის გარეშე, რაც რისკებს საგრძნობლად შეამცირებს.

,,საფრთხე, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, ახლა უფრო საშიშ და შესაძლოა, მასშტაბურ სახეს იღებდეს. ნამდვილად შეგვიძლია  დადასტურება, რომ რისკი  რეალურია. ამიტომ  თუკი დროულად არ იქნა ზომები მიღებული, სერიოზულ გასაჭირში აღმოვჩნდებით და მერე ნებისმიერი ცდა შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს. 

როდესაც ომი დაიწყო და რუსეთის მოქალაქეების პირველი ნაკადი შემოვიდა, ეს იყო შეძლებულთა ფენა, მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები, უმეტესად "აიტი" სპეციალისტები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიების თანამშრომლები არიან. ამ ნაწილისგან ჩვენ პრობლემები არ შეგვქმნია, თუმცა ის ჯგუფი, რომელიც ველოსიპედებით და ფეხით შემოდის, ნამდვილად საშიშია. ქაოსურად გამოიქცნენ რუსეთიდან და მათი ფინანსური მდგომარეობა საეჭვოა.

ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ ამ ხალხს დიდხანს დარჩენის შესაძლებლობა აქვს. აქედან გამომდინარე, ქართველ გამქირავებლებს ვუწევთ მკაცრ რეკომენდაციას, რომ  ბინის გაქირავებამდე მოსთხოვონ რუსებს ცნობა დასაქმების შესახებ, სად მუშაობენ და რამდენია მათი შრომის ანაზღაურება. აქაც შეიძლება მოხდეს გაყალბება,  მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რისკები შემცირდება. საერთაშორისო კომპანიებში დაასქმებულებს თავისუფლად შეუძლიათ ამ ცნობის წარმოდგენა“, - განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.

როგორც იურისტმა ,,რეზონანსთან“ აღნიშნა,  არსებულ სიტუაციაში აუცილებელია, რომ პოლიციური გამოსახლების საკითხი დაჩქარდეს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველ გამქირავებლებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ, ამიტომ ადგილობრივი მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაცული ნებისმიერი მოსალოდნელი საფრთხისგან უძრავი ქონების ბაზარზე.

,,ბინების მესაკუთრეები ინტენსიურად შეიძლება გახდნენ რუსი დამქირავებლების მხრიდან თაღლითობის მსხვერპლნი და ზომები დროულად უნდა იქნას მიღებული. არაფერი ახლის გამოგონება არ არის საჭირო, პოლიციური გამოსახლების შესახებ კანონი უნდა აღდგეს. ბევრი შეეცდება  თაღლითობას, როცა ნახავს, რა უბადრუკია კანონმდებლობა ამ მიმართულებით. ბევრს გაუჩნდება ცდუნება.

ტენდენცია ქართველებმა ჩამოაყალიბეს, ბოროტად ისარგებლეს ამ რეგულაციით  და ახლა უკვე უცხოელებიც სარგებლობენ საკანონმდებლო ხარვეზით. მით უფრო, საფრთხე რუსებისგან უფრო მეტად არის მოსალოდნელი, რაც ყველას უნდა ესმოდეს. პრობლემაა სახელმწიფოს ცუდი ადმინისტრირება და სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს“, - დასძინა უჩა ზაქაშვილმა.

როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი  კომპანიის წარმომადგენელი რუსეთის მოქალაქეებთან არ თანამშრომლობს. ერთ-ერთი ასეთია,  „ჯეორეალთის“ დირექტორი, რეალტორთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაია გამზარდია. მისი ინფორმაციით, გარკვეული კატეგორია საერთოდ არ აქირავებს უძრავ ქონებას რუსეთის მოქალაქეებზე, რადგან  იციან, რომ გაქირავების შემთხვევაში არიან სრულიად დაუცველები.

„ჩემი კომპანია, რუსეთის მოქალაქეებთან არ თანამშრომლობს, ვინაიდან თვითონ მაქვს პირადი პრინციპული შეხედულება ამ თვალსაზრისით და შეზღუდვა დაწესებული. გარდა ჩემნაირად მოაზროვნე რეალტორებისა და აგენტებისა, ბინების გაქირავების მიმართულებით, რუსეთის მოქალაქეებთან თანამშრომლობის დიდი სურვილით უძრავი ქონების მესაკუთრეებიც არ გამოირჩევიან, ხოლო გარკვეული კატეგორია საერთოდ არ აქირავებს უძრავ ქონებას მათზე, რადგან პოლიტიკური შეხედულებები რომ გადავდოთ, მესაკუთრეებმა იციან, რომ გაქირავების შემთხვევაში არიან სრულიად დაუცველები, თუ გადააწყდნენ არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს. ასეთი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეც“, - განაცხადა გამზარდიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი ტალღის დროს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ფინანსურად უფრო მეტად გამართული რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ, ახლა კი ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი ხვდება საქართველოში, გაურკვეველი გეგმებით და გაურკვეველი ფინანსებით.

„საქართველოს კანონმდებლობა არ არის სრულყოფილი და მესაკუთრის ინტერესები არ არის დაცული. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი შემთხვევა მსმენია, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აფორმებდნენ გრძელვადიან ხელშეკრულებებს, არ ასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და მესაკუთრეები, სამწუხაროდ, საკუთარი უძრავი ქონებიდანაც კი ვეღარ უშვებდნენ მათ. ამიტომ კატეგორიულიად არ ვმუშაობ ისეთ ადამიანებთან, რომელთა წარმომავლობა არ ვიცი“, - განუცხადა "კომერსანტს" მაია გამზარდიამ.

უძრავი ქონების სააგენტოების ერთი ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ბინის ქირასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გარეუბნებზე მოთხოვნა გაიზარდა. დილერი იოსებ გამყრელიძე ამ ტენდენციას რუსების შემოსვლას უკავშირებს.

,,როდესაც რუსების პირველი ნაკადი შემოვიდა საქართველოში, 90% ცენტრალურ უბნებს ითხოვდა. ისინი ახლაც აგრძელებენ საქართველოში ცხოვრებას, მაგრამ არ მსმენია, რომ ვინმესთან პრობლემა ჰქონდეთ. ცხადია, ამ კატეგორიის რუსების ფინანსური მდგომარეობა არის სტაბილური, მათ აქვთ მაღალი შემოსავალი, თანამშრომლობენ უცხოურ კომპანიებთან და არ უჭირთ აღებული ვალდებულებების მართვა.

ბოლო პერიოდშჳ კი საკმაოდ გართულდა საქმე.  ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე რუსებთან საქმის დაჭერას უკვე ძალიან ერიდება. ვისაც გამოუვალი სიტუაცია არ აქვს, ცდილობს, არ გააქირავოს ბინა ახალშემოსულ მიგრანტებზე. ცხადია, ასე ყველა არ ფიქრობს, ბევრი სათანადოდ ვერ აფასებს რისკებს. მაღალი მოთხოვნის გამო ფასებიც გაიზარდა. 500 ლარიდან იწყებოდა გარეუბნებში გასაქირავებელი ბინების ღირებულება და ახლა ამ თანხად ძალიან ჭირს. ფასები ზოგიერთ შმთხვევაში 800-900 ლარის ფარგლებშია. ამასობაში ადგილობრივი მოქალაქეები ზარალდებიან. თითქმის არ იშოვება ბინები, მოთხოვნა-მიწოდებაში დისბალანსია“, - განაცხადა გამყრელიძემ ,,რეზონანსთან“.

,,თიბისი კაპიტალის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით დგინდება, 2022 წლის აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 79%-ით არის გაზრდილი. წელს აგვისტოში ქირის ფასი 1კვ/მეტრზე 8.9 აშშ დოლარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე