რეზონანსი
(03.09.2022)

„ნაციონალური მოძრაობის", „ლელოს" და „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები 12 პუნქტთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან პარლამენტში შეხვედრას მართავენ.

როგორც შეხვედრამდე "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს შეხვედრა შემაჯამებელი სახისაა, სადაც მესამე სექტორს მათი სამუშაო ჯგუფების მიერ ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით შესრულებულ სამუშაოს გააცნობენ.

მისი თქმით, ოპოზიციამ 7 საკითხზე კანონპროექტი უკვე შეიმუშავა.

"თითქმის ყველ მიმართულებით, 12 პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტა. 7 საკითხთან დაკავშირებით მომზადებულია კონკრეტული კანონპროექტი. 4 საკითხია, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეთანხმებით, ერთ საკითხზე გვჭირდება დამატებითი კონსულტაციები - ეს არის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული საკითხი. მარტივი საკითხი არ არის. ვფიქრობთ, რომ ის არ უნდა გავრცელდეს მხოლოდ ერთ ადამიანზე ერთჯერადად, ეს უნდა იყოს პრევენციული. ამიტომ დაგვჭირდება ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება იმას, რომ თითოეული ჯგუფის ნამუშევარი, პრინციპების დონეზე გავაცნოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს",- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე