რეზონანსი
(02.09.2022)

მოლოდინია, რომ ადეკვატურად შეფასედება საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ველოდებით პოზიტიურ შეფასებას ევროკომისიის მხრიდან, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყო საკმაოდ სწრაფი.

„ივნისში გადაწყვეტილების მიღება მოხდა მხოლოდ ნაწილობრივი შეფასების საფუძველზე. სრულყოფილი შეფასება არცერთი ქვეყნის არ მომხდარა და შევსებული კითხვარების შეფასებას ევროკომისია კვლავ აგრძელებს მუშაობას, რომ გამოაქვეყნოს შეფასებები. აღნიშნულ დოკუმენტებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი იყო ძალიან სწრაფი და ამისთვის მომზადება ევროკავშირის ინსტიტუტებსაც სჭირდებათ. ეს გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გაფართოების პოლიტიკის ნაწილად ყოფნას. ეს შიდა ინსტიტუციონალურ საკითხებთანაცაა დაკავშირებული.

მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე სამივე ქვეყნის შესახებ ანგარიშები მომზადდება. ამით შეფასდება საქართველოს კანონმდებლობის თანხვედრა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რა ეტაპზე იმყოფება ქვეყანა ამ მიმართულებით. ჩვენი მოლოდინია, რომ ადეკვატურად იქნება შეფასებული საქართველოს მიერ უკვე განხორციელებული პროცესი და ველოდებით პოზიტიურ შეფასებას ევროკომისიის მხრიდან", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრი, ირაკლი ჩიქოვანი ბრიუსელში, სამუშაო შეხვედრებს მართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე