რეზონანსი
(02.09.2022)

ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ დაინტერესებული ძალები არ არიან, ვისაც არ უნდა, რომ საქართველოც ომში აქტიურად იყოს ჩართული - უკრაინიდან იყო პირდაპირი მოწოდებები,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, პრეზიდენტი სურათს ფართოდ არ აფასებს.

"ფაქტობრივი მოცემულობები იყო, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები, რომ სამხედრო მოქმედებები დაგვეწყო. აქ ოპოზიციის მხრიდან იყო ისეთი ქმედებები, რაც რუსეთის მხრიდან აღიქმული იქნებოდა, როგორც საქართველოს მხრიდან აგრესიული ნაბიჯები და ეს ზრდიდა მისი აგრესიის განხორციელების რისკებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი სურათს ძალიან ფართოდ არ აფასებს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ პრემიერ - მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ არავის სპეკულაციის საშუალება არ მისცემოდა ხელისუფლების ორიენტაციის შესახებ. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ივანიშვილი გამოჩნდებოდა აწარმოებდა პროპაგანდას, რომ ოპოზიცია რუსეთის და კრემლის აგენტურაა და ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ამ აგიტაციამ უფრო აქტიური სახე მიიღო.

"ერთია ის პოზიცია, რაც "ქართული ოცნებიდან" წასულმა ოთხმა დეპუტატმა გამოხატა და მე მაინც ვფიქრობ, რომ მათ ჰქონდათ გამოთქმის უფლება და მნიშვნელოვანი იყო ბევრი შეკითხვა საზოგადოებისთვის, რაც მათ მიერ იყო გაჟღერებული და მეორე - მათ გზავნილებში მე მაინც ვხედავდი ერთ რამეს, ისინი ამბობდნენ, რომ ამ ბუნდოვანების გაფანტვა, რაც ამ პერიოდში განსაკუთრებით რუსული აგრესიის შედეგად შეიქმნა, მათ შორის საქართველოს გარშემო, საჭიროებდა განმუხტვას და მეტი სიცხადის შემოტანას, მათ შორის, ადრესატების, კონკრეტულად აშშ-ის ელჩის მხრიდან. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ეს არის ის ბუნებრივი განცხადება, რასაც საქართველოს ხელისუფალი პრემიერ- მინისტრი აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად საქართველოს ის კურსი, რომელსაც ქვეყანა მისი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მიყვება. ეს კურსი არის ურყევი, უცვლელი და სწორედ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა პრემიერ-მინისტრმა განცხადება, რომ არავის მისცემოდა სპეკულაციის საშუალება. ჩვენ ვხედავდით და სოციალურ ქსელშიც ჩანდა, რომ ოპოზიცია ცდილობდა იმ 4 დეპუტატის კითხვებიდან გამომდინარე სპეკულაციური აზრი შეექმნა ხელისუფლების ორიენტაციის შესახებ. ერთია, გარკვეული პოლიტიკური პროცესი, ამ პროცესებში პოლიტიკოსების და დეპუტატების პოზიციის სხვაობა და მეორე საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი უმაღლესი თანამდებობის პირის, მთავრობის, პრემიერ-მინისტრის და უმრავლესობის პოზიცია", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე