რეზონანსი
(22.08.2022)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად, ბორჯომში, ქვაბისხევში იმყოფება, სადაც ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის ღონისძიებები მიმდინარეობს.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში, სხვა შესაბამის სამსახურებთან ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი მონაწილეობს. ხვალიდან, სამუშაოებში, დამატებით, 80 რეინჯერი ჩაერთვება.

„ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად. დამწვარ ფართობზე დაზუსტებით ახლა ვერ ვისაუბრებთ. სავარაუდოდ, საუბარია 150 ჰა ფართობზე, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დასაზუსტებელია, ვინაიდან კერები ლოკალურად არის სხვადასხვა ადგილას. შესაბამისად, როცა დასრულდება პროცესი ჩვენ უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება, თუ რა მასშტაბზეა საუბარი. ზარალს რაც შეეხება, ზარალი გამომდინარეობს დაზიანების მასშტაბიდან", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურადაა ჩართული პროცესში, ყველა სამსახური მობილიზებულია იმისთვის, რომ მოხდეს ხანძრის სწრაფი ლოკალიზება.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერის გადაწყვეტილებით თავდაცვის ძალების ჩართულობა. თუ ძლიერი ქარი არ იქნა და სხვა გარემოებები, ვფიქრობ, რომ ცეცხლის ლოკალიზება შესაძლებელია. დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბარი ზედმეტია. როგორც კი ცეცხლის პირველი კერა იქნა შემჩნეული, მაშინვე იქნა შესაბამისი სამსახურები ჩართული. ჩვენ ვერ დავაზღვევთ ცეცხლის გავრცელებას თუ ძლიერი ქარია", - აღნიშნა მინისტრმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.

ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე