რეზონანსი
(22.08.2022)

"აზოვსტალის" დამცველებმა, რომლებიც სამხედრო ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინაში დაბრუნდნენ, რუსების ტყვეობაში ყოფნის პერიოდზე და იმ წამებაზე ისაუბრეს, რისი გამოვლაც მოუწიათ.

ვლადისლავ ჟავორონოკმა ("ვიკიპედია") , რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი და თვენახევარი გაატარა დონეცკის საავადმყოფოში, ამბობს, რომ რუსები ტყვეებზე ზეწოლისთვის "ყველა საშუალებას" იყენებენ. მისივე თქმით, მათზე მიმდინარეობდა ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე სამხედრო ტყვეებს არ აძლევდნენ ნათესავებთან და გარესამყაროსთან კონტაქტის უფლებას.

როგორც ჟავორონოკი ამბობს, ოკუპანტები არწმუნებდნენ უკრაინელ სამხედროებს ტყვეებს, თითქოს ისინი „არავის სჭირდება" და რომ უკრაინა თითქოს აგებდა ომს.

ყოფილი ტყვეები ამბობენ, რომ შეუძლებელი იყო საჭირო სამედიცინო დახმარების მიღებაც.

"ბიჭებს რომ სცემეს მოწმე ვიყავი. ე.წ. ჩხრეკისთვის გამოგვიყვანეს და გაგვაშიშვლეს... იმ ბიჭებს, ვინც თავი ასწიეს, მაშინვე სცემეს", - თქვა ერთ-ერთმა ყოფილმა ტყვემ, "აზოვის" მებრძოლმა დენის ჩეპურკომ და დასძინა, რომ დაკითხვის დროს მას ჯოხებით ურტყამდნენ და აიძულეს, მათთვის სასურველი ჩვენების მიცემა.

მებრძოლმა დმიტრო უსიჩენკომ ("ვიშნია") თქვა, რომ ტყვეობაში ოკუპანტები მას ფიზიკური წამებითა და მოკვლით ემუქრებოდნენ.

UNIAN-ის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალიდან" 2,5 ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი შეიპყრეს.

29 ივნისს სამხედრო ტყვეთა პირველი დაგეგმილი გაცვლა შედგა, რის შედეგადაც უკრაინაში 144 ჯარისკაცი დაბრუნდა, მათ შორის 95 „აზოვსტალის" დამცველი.

ზუსტასდ ერთ თვეში, 29 ივლისის ღამეს, ოკუპანტების მოქმედების შედეგად, დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქალაქ ელენოვკაში ყოფილი სასჯელაღსრულების კოლონიის ტერიტორიაზე განადგურდა შენობა, რომელშიც უკრაინელი პატიმრები იყვნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე, დაჭრილთა რაოდენობა უცნობია.

უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, რომ ელენოვკაში აფეთქება რუსული ტერორისტული აქტი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ომის დამნაშავეებისა და დანაშაულის დამალვას, უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციასა და იარაღის მიწოდების შეფერხებას. უკრაინის დაზვერვის თანახმად, თავდასხმა დაქირავებული მკვლელების დაჯგუფებამ, "ვაგნერმა" მოაწყო, რომელიც ევგენი პრიგოჟინის მითითებებით მოქმედებს.

6 აგვისტოს, მარიუპოლის საკრებულომ განაცხადა, რომ ოკუპანტები ქალაქის ფილარმონიის დარბაზში საკნებს აწყობენ და აზოვსტალის მცველების "სადემონსტრაციო გასამართლებისთვის" ემზადებიან. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ოკუპანტებმა ასეთი "სასამართლო" შესაძლოა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს გამართონ. ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, რუსები ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევასაც გეგმავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე