რეზონანსი
(20.08.2022)

დაჭრილი პატიმრის ადვოკატის ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, ვიდეო-ჩანაწერების მიხედვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საბადრაგო სამსახურის თანამშრომელს იარაღი ამოაცალა, ჯერ ორჯერ უმისამართოდ გაისროლა, შემდეგ კი სხვა ოთახში გავიდა და თავში ისროლა. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ განუცხადა, სადაც დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრებთან ერთად ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მომხდარი ფაქტის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებს გაეცნო.

“როგორც განმარტავენ, იცვლება სმენა, გურამ სვანიძე დგას კარებში. აქ მოძრაობს საბადრაგო სამსახურის 4-5 თანამშრომელი, ერთ-ერთი მივიდა და იარაღიანი მხარით დაახლოებით 1 მეტრში გაუჩერდა. ფაქტობრივად საშუალება მისცა, იარაღი ამოეღო. ამის შემდეგ სვანიძე იღებს იარაღს. თანამშრომელი გაიქცა. როდესაც “კაბურას” ხსნიდა, თანამშრომელს შეეძლო დაეჭირა, მაგრამ ეტყობა, დაიბნა. გურამ სვანიძე ორჯერ ისვრის, ოღონდ არავის თავს არ დასხმია. ვინმესთვის არ უსვრია. შედის ცალკე კამერაში, სადაც თავში ისროლა”, - განაცხადა ზურაბ როსტიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, საქმე საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების დაუდევრობას ეხება.

მისი განცხადებით, აღნიშნული პირები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხა, თუმცა თავად მათ ჩვენებებს არ გაცნობია.

“აქ ხომ, სავარაუდოდ, ფსიქიკურ დაავადებებთან გვაქვს საქმე. რატომ დაუდგა ასე, რატომ მისცეს საშუალება რომ იარაღი აეღო. ფრთხილად უნდა ყოფილყვნენ. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების დაუდევრობაა. მათი დაუდევრობა რომ არა, იარაღი არ ჩაუვარდებოდა და ეს არ მოხდებოდა”,- განაცხადა ზურაბ როსტიაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ერთი დღის მიყვანილი იყო და მისი ციხეში დაბრუნების მცდელობა არ ყოფილა.

“ერთი დღის გადაყვანილი იყო ფსიქიატრიულში. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცალკე საკანში ჰყავდათ. ალბათ, რაღაც პრობლემები შეამჩნიეს და გადაიყვანეს, ამაში დარღვევა არაფერია”,- განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები დაკავებამდე, როსტიაშვილი ამბობს, რომ “რაღაც პრობლემები ჰქონდა”.

“ფსიქოლოგიურს ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც პრობლემები ჰქონდა. ზუსტად არ ვიცი, როდესაც ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდა, ამანაც შეუწყო თუ არა ხელი, ჯერ ეს დადგენილი არაა”,- განაცხადა ზურა როსტიაშვილმა.

კითხვას, რატომ იყო გურამ სვანიძე დაკავებული, ადვოკატი ასე პასუხობს:

“ბენზინი ჩაასხა 250 ლარის, გადახდა დაავიწყდა თუ განზრახ გააკეთა, ღმერთმა უწყის. წესით, არც უნდა დაეპატიმრებინა მოსამართლეს. გირაო მოვითხოვეთ”,- განაცხადა ზურაბ როსტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაჭრილი პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულ პატიმარს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. როგორც ჟურნალისტებს პატიმრის დედამ განუცხადა, დროებით პატიმრობაში მყოფი მისი შვილი გლდანის ციხიდან თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა დღეს განუცხადეს, რომ მის შვილს თავში ჭრილობა აღენიშნება.

ამასთან, საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებულია გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.

გამოძიების ინფორმაციით, პატიმარი უკნიდან მიეპარა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ამოაცალა იარაღი, გაისროლა და შემდეგ თავის არეში მიიყენა დაზიანება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე