რეზონანსი
(08.08.2022)

რუსეთის ფედერაციის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მუქარის გამო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„რუსეთის ბირთვულმა შანტაჟმა არ იმუშავა ადრე და არ უნდა იმუშაოს არც ახლა. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული მუქარის საუკეთესო პასუხი უკრაინული ტერიტორიების დეოკუპაციაა. როდესაც ტერორისტი აყენებს პირობებს, ამაზე პასუხი ძლიერი უნდა იყოს. რუსეთის ფედერაციის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები უნდა იქნას მიღებული რაც შეიძლება მალე. ანტირუსული კოალიციის გახლეჩა ვერ მოხდება. რუსეთი ცდილობს უკრაინის მიმართ ნდობისთვის ძირის გამოთხრას თავისი პროვოკაციებით, თუმცა საპასუხოდ ის აღიარებული უნდა იქნას ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნად“,- განაცხადა ერმაკმა.

ერმაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში მხოლოდ სრული იზოლაციის მთავარ კანდიდატს შეუძლია მსოფლიოს ატომური ელექტროსადგურით დაემუქროს.

„ეს არის იზოლაცია, რომელიც ჩვენ ერთად უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის ფედერაციისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე